“მოქალაქე” ია ანთაძის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” მათი პროექტის შესახებ ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ია ანთაძეს ბოლომდე არ ესმის ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტების არსი. როგორც “მოქალაქეში“ განმარტავენ, “სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა” და სტუდენტური კონკურსი – “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტებია და მათ აფინანსებს და მენეჯმენტს უშუალოდ ეს ორგანიზაცია უწევს. ორგანიზაცია ჟურნალისტის კრიტიკულ პოზიციას განცხადებით ეხმაურება და განმარტავს, რომ ია ანთაძეს მათ მიერ წამოწყებული პროექტის არსი არ ესმის.
“ორგანიზაცია “მოქალაქე” საჭიროდ თვლის, პასუხი გასცეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებას. როგორც ჩანს, ქალბატონ ანთაძეს ბოლომდე არ ესმის ჩვენი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტების არსი. ამიტომაც, თავს ვალდებულად ვთვლით, განვმარტოთ: “სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა” და სტუდენტური კონკურსი – “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტებია. მათ აფინანსებს და მენეჯმენტს უწევს უშუალოდ ეს ორგანიზაცია. ამავე დროს, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა ამ სფეროში გამოცდილი სტრუქტურების ჩაბმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც აქვს ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. არსებული კანონმდებლობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს მიიღოს და შეასრულოს კერძო დაკვეთა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად მივმართეთ ცენტრს. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის იურიდიული ასპექტი სავსებით კანონიერი და გამჭვირვალეა. პროექტების განხორციელებისათვის არამცთუ არ იხარჯება სახელმწიფო სახსრების არც ერთი თეთრი, არამედ პირიქით, სახელმწიფო ამ პროექტით სერიოზულ შემოსავალსაც კი მიიღებს. რაც შეეხება სამოქალაქო ჩართულობის ხელშემწყობ პროექტში სახელმწიფო სტრუქტურის მონაწილეობის მორალურ ასპექტს, მტკიცედ გვწამს, რომ სამოქალაქო ჩართულობა ვერ განხორციელდება სრულფასოვნად, თუ ამ პროცესს ხელს არ შეუწყობენ სახელმწიფო სტრუქტურები”, – ნათქვამია “მოქალაქის” განცხადებაში. ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ია ანთაძემ “მოქალაქის” აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასება სოციალურ ქსელში გააკეთა. ,,ღმერთმა ,,ნაეკს” (NAEC) ბევრი მისცეს, მაგრამ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა როგორ განახორციელებს? და რომ განახორციელებს, შედეგი რა იქნება? სამოქალაქო საზოგადოება ამ გზით როგორ გაძლიერდება? მერე სწყინს ძვირფას ბატონ ბიძინას, რომ ვამბობ დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია-მეთქი”, – განაცხადა ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები