პრეზიდენტის განცხადებას ლექსიკასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერები აფასებენ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ შესაძლოა, რიგ შემთხვევებში მისი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, საპარლამენტო უმრვლესობის წევრები აფასებენ. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, პრეზიდენტსა და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის აზრთა პრინციპული სხვაობა არ არსებობს. მისვე განცხადებით, რიგ შემთხვევებში განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება დემოკრატიული პროცესია. „ძალიან კარგი, თუკი პრეზიდენტს გუნდის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს. არანაირი პრინციპული სხვაობა, ჩემის აზრით, არ არსებობს. თუკი რაიმე სახის განსხვავებული პოზიციები არსებობს, ესეც ბუნებრივია, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული პოზიციები უნდა იყოს. სავალდებულო არ არის, რომ გუნდის ყველა წევრი მუდმივად ერთსა და იმავე პოზიციას გამოხატავდეს. ჩვენი სურვილია, რომ იყოს ნორმალური თანამშრომლობის განწყობა“, – განაცხადა კობახიძემ. ვიცე-სპიკერის მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია. „პოლიტიკურ ცხოვრებაში ზოგჯერ შესაძლოა. განსხვავებული მოსაზრებები იყოს დაფიქსირებული. არ შეიძლება პოლიტიკური სპექტრი ერთი ფერის იყოს და ყველა ერთი პოლიტიკური ენით საუბრობდეს. ასე, რომ მე ამ მოვლენას დრამატულად არ ვუყურებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერთან და თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალ „ფორბსის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში მისი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, თუმცა პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება. „არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან, ან რომ მერჩოდნენ, ალბათ, მეც აღელვებული ვიქნებოდი,“ – აცხადებს მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები