“საქართველოს ევროკავშირთან მზარდი სიახლოვე სომეხ ხალხთან ურთიერთობაში ნეგატიურად არ აისახება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაერთიანება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას პრობლემას არ შეუქმნის. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მზარდი სიახლოვე არავითარ შემთხვევაში და არაფერში არ აისახება ნეგატიურად ჩვენს მოძმე სომეხ ხალხთან ურთიერთობაში. “ჩვენ, ორივე ქვეყანა პატივს ვცემთ ერთმანეთის სუვერენულ არჩევანს, იმ ხედვას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და მათი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ძალები ვახორციელებთ. მინდა, დავარწმუნო ჩვენი სომეხი კოლეგები, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან სულ უფრო და უფრო მზარდი სიახლოვე, ევროინტეგრაცია არავითარ შემთხვევაში არ აისახება ნეგატიურად ჩვენს მოძმე სომეხ ხალხთან ურთიერთობაში. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული ევროპელ პარტნიორებთან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვენ წარმოგვიდგენია როგორც ჩვენი მეზობელი სომხეთისთვისაც ხელსაყრელი ვითარება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები სწორედ ასეთი მიდგომებით იხელმძღვანელებენ ევრაზიულ გაერთიანებაში და სომეხი კოლეგებისგან ძალიან მკაფიოდ იქნება განმარტებული, რომ მომავალში არანაირი პრობლემა, გართულება, დაბრკოლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, მათ შორის სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობას ამ მოვლენის გამო არ შეექმნება. ეს ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლო სტრატეგიუკლი საკითხია და ჩვენ ამაში გვაქვს სრული ურთიერთგაგება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველო-სომხეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის სესიის გახსნისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები