გივი მიქანაძე – პოდოლიაკი იქნება, თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა
პოდოლიაკი იქნება, თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის პატივისცემა, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს“.
გივი მიქანაძის განცხადებით, საზოგადოებისთვის გასაგებია, რა მიზანს ემსახურება პოდოლიაკისა და უკრაინის ხელისუფლების მაღალი პირების ასეთი განცხადებები.
„პოდოლიაკის განცხადება არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შიდა პროცესებში ჩაერიონ და ხელი შეუწყონ, რომ რაღაცნაირად გაამყარონ აქციებთან მიმართებით მუხტი, რომელიც მილევად რეჟიმშია. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია, საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნის ინიციატორი და იმ პროცესებში ჩართული, რომლისკენაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა წლების განმავლობაში არაერთხელ მოგვიწოდეს. ამიტომ, ჩვენი საზოგადოებისთვის გასაგებია, რა მიზანს ემსახურება პოდოლიაკისა და უკრაინის ხელისუფლების მაღალი პირების ასეთი განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელია ურთიერთობებისათვის. ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენ გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას. ეს არა მარტო სიტყვით არის გაცხადებული, არამედ გამოხატულია ხუთასზე მეტ საერთაშორისო რეზოლუციაში, სადაც საქართველო შეუერთდა პროცესებს. ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, ორ ხალხს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ვერაფერს გახდებიან, ეს ურთიერთობები კვლავაც მაღალ ნიშნულზე იქნება. დარწმუნებული ვართ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყება და ალბათ მათი მხრიდან მოხდება იმ შეცდომების აღიარებაც, რომლებიც მათივე განცხადებებიდან დამაზიანებელ კონტექსტში იქნა გაჟღერებული. ამასთან, პოდოლიაკი იქნება, თუ ნებისმიერი პირი, უნდა შევახსენოთ, რომ, პირველ რიგში, ქვეყნის სუვერენიტეტი, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება არის ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის პატივისცემა. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, პატივი უნდა სცენ მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ცალსახად, ღიად გამოხატა მხარდაჭერა მშვიდობის პარტიის, მმართველი გუნდის მიმართ. ამიტომ გვესმის, რომ მათ გეგმებში არ იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მაგრამ მოუწევთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანის პატივისცემა, აღიარება, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სწორედ მოსახლეობის მიერ ლეგიტიმაცია მიცემული ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობასა და უსაფრთხოების გაძლიერებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.