მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
როგორც პირველ არხს ბოლნისის საავადმყოფოში განუცხადეს, ცხრავე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათ ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო და ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავა.