ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დასანქცირებულია იმისთვის, რომ ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში, იგი არის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში
ბიძინა ივანიშვილი უკვე, ფაქტობრივად, სამი წელია დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ამაზე მას არაერთხელ განუცხადებია და ჩვენი გუნდის მხრიდანაც ყოფილა ძალიან ბევრი განცხადება ამასთან დაკავშირებით, როდესაც მას შეუჩერეს წვდომა 2 მილიარდ დოლარზე და ფაქტობრივად, მას ყველანაირი სასამართლო დავა აქვს მოგებული და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც ეს სანქციები ამ პერიოდს წამოეწია, რომ თითქოს, ამ სანქციების მეშვეობით მას ხელი შეეშლება უკვე იმ ფულის აღებაში, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მან ის ფული უნდა მიიღოს კრედიტ სუისგან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში და ის არის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი ქვეყანაში.
„ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში, ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის ძალიან ბევრ „ჰედლაინებს“ გადავაწყდი პრესაში, მათ შორის საერთაშორისო პრესაში, რომ თითქოს და ბიძინა ივანიშვილი იმიტომ არის დასანქცირებული, რომ იგი რაღაცა რუსულ გავლენებს ატარებს საქართველოში, მოდით ერთმა პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა, თუ ჩვენმა ოპონენტმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ერთი მაგალითი მაინც მოგვიყვანოს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ან ზოგადად „ქართული ოცნების“ შემთხვევაში რა გავაკეთეთ, ან რა გააკეთა ბატონმა ბიძინამ რუსული საქმე, ან რით გავზარდეთ, ან გაზარდა ბიძინა ივანიშვილმა რუსული გავლენები საქართველოში, ერთი მაგალითი მოგვიყვანონ ამასთან დაკავშირებით, ფიზიკურად ვერ მოიყვანენ და ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ, ჩვენ სტრასბურგშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი, ჰააგაშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი და სწორედ ჩვენი ძალისხმევის შედეგად რუსეთს დაერქვა ოკუპანტი და ყველანაირი საფრთხეები და ის ბრალდებები შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, რომ თითქოს ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ჩაიდინეს ომის დანაშაულები, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ გადავაზღვიეთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ მოვიგეთ ეს პროცესები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, აშში-ის მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს აქვს დროებითი ხასიათი და ის ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად დაიწყება ჯანსაღ გარემოში გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი.
„ეს სანქციები დროში უცნაურადაა დამთხვეული ერთი თვეც აღარ რჩება ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას, 20 იანვარს იქნება ინაუგურაცია, სადაც ბატონი ტრამპი დაიკავებს ოვალურ ოფისს და რაღაცებს ჩქარობენ, ჩქარობენ არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მსოფლიოსთან მიმართებაში. მაგალითად სულ რამდენიმე კვირის წინ მისცეს უკრაინას უფლება გამოეყენებინა ამერიკის შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე, რაზეც სამი წლის განმავლობაში თავს იკავებენ, ანუ ნებისმიერ ასპექტში ეს ადმინისტრაცია ძალიან სამწუხაროა, რომ იქცევა იმგვარად, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს უკვე არჩეულ ადმინისტრაციას, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი, როგორც უკვე აღვნიშნე ერთი თვეც არ არის დარჩენილი, როდესაც ბატონი ტრამპი ოფიციალურად გახდება ამერიკის პრეზიდენტი, ინაუგურაცია მოხდება და შესაბამისად ჩვენ ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ უკვე ეტაპობრივად დაიწყება ახალ ადმინისტრაციასთან ძალიან ჯანსაღ გარემოში ყველა იმ გამოწვევაზე და პრობლემაზე საუბარი რაც შექმნა მოქმედმა ადმინისტრაციამ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.