დავით ჩიხელიძე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე: არ შეიძლება დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და სანქციებს უსაფუძვლოდ აწესებდე, ქართველი ხალხი ახსნას იმსახურებს
“აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები იმდენად აბსურდულია, რომ აშშ-ს მისი დასაბუთების შესაძლებლობა არ აქვს. სანქციები გახლავთ შურისძიება მშვიდობისთვის!”, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას.
მისივე თქმით, არ შეიძლება დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და სანქციებს უსაფუძვლოდ აწესებდე.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ივანიშვილს, როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირს სანქციები დაუწესდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რის საფუძველზე მოხდა ივანიშვილის, რუსეთთან დაახლოებულ პირად იდენტიფიცირება? ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რომ მოიპოვა? კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ? ასოცირების შეთანხმება რომ გავაფორმეთ? მშვიდობა რომ გვაქვს? თუ რის საფუძველზე? საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა იმაზე მცირეა ვიდრე ბალტიისპირეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნების, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველო შეერთებულია, გაეროში რუსეთის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციების მხარდამჭერები და თანაავტორები ვართ და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით როგორ შეიძლება ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებულ პირად გამოცხადება? არ შეიძლება დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და სანქციებს უსაფუძვლოდ აწესებდე, ქართველი ხალხი მინიმუმ ახსნას იმსახურებს რის საფუძველზე მოხდა ივანიშვილის სანქცირება, არის ეს პირადი მოტივით ნაკარნახევი გადაწყვეტილება თუ რაიმე ობიექტურ მოცემულობას და ფაქტობრივ მტკიცებულებას ეფუძნება….
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები იმდენად აბსურდულია, რომ აშშ-ს მისი დასაბუთების შესაძლებლობა არ აქვს. სანქციები გახლავთ შურისძიება მშვიდობისთვის!“, – წერს დავით ჩიხელიძე.