სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო. ის ცოტა ხნის წინ მივიდა ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს. ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით შეხვდნენ.
„ერთობის ჯაჭვი“ თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეიკრა. მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.
„ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.