ფრიდონ ინჯია და სამეგრელოს უხუცესთა საბჭო სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში გადააბაროს უფლებამოსილება ახლად არჩეულ პრეზიდენტს

სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და საბჭოს გამგეობის წევრები ღია წერილით მიმართავენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდებენ მას ღირსეულად დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა, ასევე კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში გადააბაროს უფლებამოსილება ახლად არჩეულ პრეზიდენტს.

„სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს:

ქალბატონო პრეზიდენტო!
მოგმართავთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხის (სამეგრელოს) ის უხუცესი წარმომადგენლები, ვისაც, ჩვენი ასაკიდან გამომდინარე, ორი განსხვავებული საუკუნის, ორი განსხვავებული სისტემისა და ორი განსხვავებული მდგომარეობის (სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის არქონისა და დამოუკიდებლობის მოპოვების) გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს.

თქვენი ხანგრძლივი ბიოგრაფია კიდევ უფრო მდიდარია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის საინტერესო გამოცდილებით, მაგრამ საქართველოსთვის ამ კრიტიკულ ჟამს ჩვენი გულწრფელი რჩევა აზრსა და მნიშვნელობას მოკლებული მაინც არ იქნება.

ქალბატონო სალომე, თქვენ პოლიტიკური ემიგრანტის მძიმე ხვედრთან ერთად, ბედმა საქართველოს პრეზიდენტობის მაღალი პატივიც გარგუნათ. ეს მისია იმდენად მძიმე და საპასუხისმგებლოა, რომ შეფასება იმისა, ვინ რა ღირსებით ატარა იგი, არამხოლოდ თანამედროვეების, არამედ მომავალი თაობების საქმეცაა.

ჩვენ ვიმსჯელეთ იმ განცხადების შესახებ, რომელიც თქვენ გააკეთეთ თანამდებობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, ვერ დავინახეთ სისწორე იმ გზისა, რომელსაც თქვენ დაადექით.

ქალბატონო სალომე, თქვენი გადასაწყვეტია, მიიღებთ თუ არა ჩვენს კეთილ რჩევას, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლით, მოგიწოდოთ ღირსეული საქციელისკენ.
საპრეზიდენტო მოღვაწეობის დარჩენილი ვადა (რამდენიმე დღე იქნება ის, რამდენიმე საათი თუ რამდენიმე წუთი) მთლიანად უნდა დაუთმოთ იმაზე ზრუნვას, რომ:

საქართველოში ვითარება დაწყნარების და დამშვიდებისკენ წავიდეს;
სახელმწიფო გადატრიალებაზე მოფიქრალი ცხელი თავები დამშვიდდნენ,რათა არავის მოუვიდეს აზრად ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენა;
უკან წაიღოთ თქვენი მოწოდება ქართული არმიისადმი, რომ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯარმა თქვენ გაღიაროთ უმაღლეს მთავარსარდლად;
უკან წაიღოთ თქვენი განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტის ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად გამოცხადების შესახებ;
თქვენ უნდა დაასრულოთ საპრეზიდენტო მოღვაწეობა კონსტიტუციით დადგენილ ვადაში და გადააბაროთ უფლებამოსილება არჩეულ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს.
ქალბატონო სალომე, ეს იქნება ღირსეული დასრულება თქვენი საპრეზიდენტო მოღვაწეობისა.

პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენა თუ გსურთ, როგორც ექსპრეზიდენტს ამისი სრული უფლება და შესაძლებლობა გექნებათ, მაგრამ არაკონსტიტუციურ ნაბიჯს თუ გადადგამთ, ამით დიდ ზიანს მიაყენებთ ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც.
ჩვენი სურვილი და თხოვნა ის არის, რომ დარჩეთ

საქართველოს ისტორიაში პირველ ქალბატონ პრეზიდენტად, რომელმაც მიუხედავად ურთულესი რეალობისა, მისი საპრეზიდენტო მოვალეობა მძიმე შეცდომების გარეშე დაასრულა”, – ნათქვამია ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები