„ტიბეტი შერჩეულია იმიტომ, რომ მას ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან“ – ვინ არის 14 წლის მწერალი, ვინც 420-გვერდიანი წიგნი – „ტიბეტური საგანძური“ გამოსცა

დაიბადა თელავში, ცხოვრობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში.
2016 წლიდან სწავლობს თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ამჟამად არის მეცხრე კლასში,  14 წლის. უყვარს ყველა საგანი, გამორჩეულად კი – ისტორია, ქართული და გეოგრაფია.
უკრავს ფორტეპიანოზე და წერს ლექსებს. მოღვაწეობს იაპონურ პოეზიაშიც (პროზაული ტანკები და ქართული ჰაიკუები).
არის ლადო ასათიანის სახელობის კონკურსის მეორე ადგილოსანი. ასევე, გაწევრიანებულია გურამ შარაძისა და ქეთევან დედოფლის საზოგადოებებში.
14 წლის ასაკში გამოსცა 420-გვერდიანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნი, – „ტიბეტური საგანძური“, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე გაიმართა. ავტორმა ამ წიგნით უკვე სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება ყურადღება მიიპყრო.
„კვირა“ დაუკავშირდა ერეკლე ბეჟუაშვილს და რამდენიმე კითხვით მიმართა.

– თელავში, წინანდალში ცხოვრობთ. ეს ისტორიული სოფელია. ბავშვობიდან რა იყო საინტერესო? როდიდან დაიწყეთ წერა?
– წინანდალს, ალბათ, იცით, „ცარსკოე სელოს“ ეძახიან. აქ დაბადება დიდი პატივია. თუმცა, რასაკვირველია, პასუხისმგებლობაც მატულობს – თითოეული წინანდლელი ხომ თავისი სოფლის სახე-ხატებაა. აქ ავიდგი ფეხი და ამოვიდგი ენა.
წერა რვა წლისამ დავიწყე, როდესაც წერა-კითხვა კარგად შევისისხლხორცე.
– პირველი ნაწარმოებები ლექსები იყო? როგორ დაიწერა პირველი ლექსი?
– მართალს ბრძანებთ – ჩემი კალმის პირველი ნაყოფი პოეზია გახლდათ. მახსოვს, პირველი ლექსი შემდეგნაირად დაიწერა: ერთმა ჩემმა კლასელმა ქართულის გაკვეთილზე ასეთი ფრაზა წარმოთქვა – მტერი ვერასდროს მიხვდება, რასა უკეთებს მამულსა. პირველი ლექსიც მსგავსი ფრაზით იწყებოდა და პატრიოტული რეალიზმის დარგს მიეკუთვნებოდა.
–  14 წლისამ გამოეცით 420-გვერდიანი მხატვრული ნაწარმოები „ტიბეტური საგანძური“. როდის გაჩნდა ამ წიგნის დაწერის იდეა? რატომ ტიბეტი?
– ამ წიგნის წერას ცხრა წლისა შევუდექი, მაგრამ მხოლოდ ერთი გვერდი დავწერე და აღარ მივბრუნებულვარ. თუმცა, დადგა 2023 წელი და მასზე მუშაობა განვაახლე. საინტერესო ისაა, რომ მაშინაც კი, როცა წერის ინჩი-ბინჩი არ ვიცოდი, ვიგონებდი მოთხრობებს და ოჯახის უფროს წევრებს ვაწერინებდი.
ტიბეტი კი შერჩეულია იმიტომ, რომ მას ბევრი საერთო გააჩნია საქართველოსთან. სულაც, სინამდვილეში ყველგან და ყველაფერში სახისმეტყველურ-ალეგორიულად ჩვენი სამშობლოა ნაგულისხმევი.
რამდენ ხანს მუშაობდით წიგნზე? როგორია რომანის სიუჟეტი?
– წიგნზე ექვსი თვე ვიმუშავე.
წიგნს კი წინართვად აქვს ჟიულ ვერნის ციტატა: „თუ მკითხველი წინასწარ მიხვდა, როგორ დასრულდება წიგნი, მისი დაწერა არც ღირდა”. „ტიბეტური საგანძურის” სიუჟეტი სათაყვანებელ მე-19 საუკუნეში ხდება – ვიქტორიანულ ინგლისში. ყველაფერი დაიწყო ლონდონში. მეცნიერთა გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, კარტოგრაფი ფილიას ატკინსი, მიიღებს წერილს ნეპალიდან, ერთი გლეხისგან. იგი მას აცნობებს, რომ მან რამდენჯერმე შეამჩნია მთებში იეტები (თოვლისკაცები, იმავე სასკვაჩები). ფილიასი მათ საძებნელად გაეშურება „სამყაროს სახურავში“ (ასე ეძახიან ტიბეტს). თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ იგი – თავის მსახურებიანად – უჩინარდება. პარალელურად ლონდონში ფილიასის მეგობარი, მეცნიერთა გაერთიანების თავმჯდომარე და გეოგრაფი ჯონათან ნაბსი იგებს გაუჩინარების ამბავს და მეგობრის საშველად ტიბეტში მიეშურება. თვისებრ რა გადახდებათ იქ და რა არის „ტიბეტური საგანძური“, ამას ჯერ არ გავამხელ. მინდა, რომ მკითხველმა ისიამოვნოს.
– სხვა რომანიც გაქვთ დაწერილი?
– რამდენიმე, თუმცა ზოგი დაუსრულებელია, ზოგიც – გამოუცემელი. ვფიქრობ, ისინი ოდესმე იხილავენ დღის შუქს.
–  წერთ ლექსებს. მოღვაწეობთ იაპონურ პოეზიაშიც (ტანკები და ქართული ჰაიკუები).  შთაგონება თუ გჭირდებათ? როდის წერთ ლექსებს და როდის პროზას?
– შთაგონება არაა საჭირო, ვინაიდან პოეტი სულ აღმაფრენითა და შთაგონებით დადის ამქვეყნად. ლექსებს ვწერ ყოველდღიურად, პროზას კი, თუ მივუჯექი, ძალიან შემიყოლებს ხოლმე. შეიძლება, „ტიბეტური საგანძურივით“ სქელტანიან წიგნად იქცეს პატარა მოთხრობა. თუმცა, ჩემს თავს პოეტს ვერ ვუწოდებ. ჩვენ სამი-ოთხი ნამდვილი პოეტი გვყავდა: ვაჟა, გალაკტიონი, კალანდაძე და, შეიძლება, ნონეშვილიც მივათვალოთ.
– ლადო ასათიანის სახელობის მეორე პრემია მოიპოვეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დღე თქვენთვის?
– ეს დღე მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე.
– თქვენი ერთი ლექსი...
– ბევრია, თუმცა, მაშ, იყოს ეს. საუკეთესო არაა, მაგრამ (უსათაურო):

ოქტომბრის ხეებს უხდება ნისლი,
ფოთლებშუა რომ დაცურავს ნაზად.
როგორც საბანი, ათბობს ნებივრად

ჩვენს გულის ფეთქვას რომ გასდევს ხაზად.
დედა ბუნებას არ სურს სიკვდილი,
მაგრამ სხვა არის ცის განჩინება.
ზოგჯერ კარგია თურმე დროთა ცვლა.
იებიც თოვლში მოიჩითება.
ზამთრდება… თუმცა არ იშლის მაინც
ტყეში ხეტიალს გოგო კულულა.
წინანდლის მამულს აყვითლებს ჟამი
და ზამთრისათვის თვალებს ულულავს.

– თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში,  მეცხრე კლასში სწავლობთ.  ამბობთ, რომ  ისტორია, ქართული და გეოგრაფია გამორჩევით გიყვართ. სამომავლოდ სად აპირებთ სწავლის გაგრძელებას?
– კი, ეს სამი საგანი მეტად მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო და უფრო შემიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – და, წარმოიდგინეთ და, მათემატიკაც. სხვანაირად დავინახე ეს უკანასკნელი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გესმის ან სწორად ასრულებ თუ არა ამოცანათა პირობას. მათემატიკაც, ისევე როგორც ყველაფერი, უფლის შეცნობის ერთ-ერთი გზაა და მას შინაგანად უნდა უგებდე. მთავარი ესაა.
იქამდე ბევრი რამ შეიცვლება არაპროგნოზირებად სამყაროში, შესაბამისად, მყარი გადაწყვეტილება ამის თაობაზე არ გამაჩნია.
– ამჟამად ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?
– დიახ, ვმუშაობ. თუმცა, ნაკლებად ვიცლი სამაგისოდ, ამ წიგნს უფრო 2025 წლის ზაფხულში ვსრულყოფ.
– საყვარელი მწერალი, პოეტი?
– რთული სათქმელია, მაგრამ მიახლოებით ასე ვთვლი: მწერალი – შოთა რუსთველი; პოეტი – შოთა რუსთველი. ეს ზეკაცი იმდენად მიყვარს, რომ გადავწყვიტე, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი ზეპირად ვიცოდე. ნახევარზე მეტი უკვე ვისწავლე. ყოველდღე თითო სტროფს ვამატებ. ასევე, უფრო საინტერესოა თვით რუსთველის ბიოგრაფია. იქნებ, ერთხელაც რუსთველოლოგადაც წარგიდგინოთ თავი.
– ჰობი...
– ცალკეული „ჰობი“  არ გამაჩნია. ყველაფერი გატაცებაა, რასაც სიხარულით ვაკეთებ.
– ფორტეპიანო… ალბათ განტვირთვაა… რომელი ნაწარმოებების დაკვრა გიყვართ?
– უმთავრესად მიყვარს მოცარტის რეკვიემიდან „ლაკრიმოზა“.
– თავისუფალი დრო… თუ გაქვთ და რას აკეთებთ?
– იშვიათად, მაგრამ მაინც მაქვს. ამ დროს მეგობრებსა და ოჯახთან ერთად ვსიამვტკბილობ.
– რა გეგმები გაქვთ?
– გეგმა ვრცელია, თუმცა, აქაც ვერაფერს გეტყვით მტკიცებით ფორმაში, ვინაიდან ყველაფერი მომენტალურმა ვითარებამ უნდა გადაწყვიტოს.

 

                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები