თბილისში მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა მიმდინარეობს
სპორტის სასახლის შენობიდან მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა მიმდინარეობს. მარშის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება. კერძოდ, სომხური და აზერბაიჯანული მსვლელობა; ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის; მეექვსე სკოლელების მარში; ბათუმელების მსვლელობა თბილისში და სხვა.
მოქალაქეები უკვე 29-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.
ცნობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.