დავით ქართველიშვილი: მოქმედმა ხელისუფლებამ ყურადღება მიაქცია „ფერადი რევოლუციების“ გამოცდილებას და თავიდანვე აიღო ხაზი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის დათმობებს ცალსახად არასამართლიან თემებსა და საეჭვო კომპრომისებში

„ქართული გამოცდილება“ საერთაშორისო პოლიტოლოგების შესწავლის საგანი ხდება, როგორც ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყო შესაძლებელი კოორდინირებული გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ  ქსელში და იმ მიზეზებზე აკეთებს აქცენტს, რამაც განაპირობა  სახელმწიფო გადატრიალების სტანდარტული სცენარების სისრულეში მოყვანის თავიდან აცილება.

ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ 2024 წელს საქართველო დაასრულებს იმავე სლოგანით, რომლითაც ამ წელს შეხვდა. ქართველიშვილის თქმით, ქვეყნის მამოძრავებელი ძალა ღირსება იყო და ასეც დარჩება.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოაჩინა „სოროსისტულ-მარქსისტული ძალების“ (©ტრამპი-ჯუნიორი) მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების სტანდარტული სცენარების გარკვეული მოძველება. ჩაიშალა მათი ჩვეული ფსონი არასასურველი ხელისუფლების შიშით აღებაზე, „საერთაშორისო თანამეგობრობის“ ზეწოლაზე, დასანქცირებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ელიტის ჩართვით პროტესტის გზით მიუღებელი ხელისუფლებების დემონტაჟის მიზნით.

თუ მაგალითად, ბელარუსში 2019 წლის გადატრიალების მცდელობა ცალსახად ჩაიშალა რუსეთის  ფედერაციის გარკვეული მხარდაჭერის ფაქტორის გამო, ასევე ლუკაშენკოს მკაცრი რეპრესიული ქმედებებით, საქართველოში სულ სხვა ვითარებაა. გარედან მხარდაჭერაზე რა მოგახსენოთ და „არარეპრესიული“ პოლიტიკის გამო „ქართულ ოცნებას“ პირიქით – საკუთარი ამომრჩევლებიც კი აკრიტიკებენ. რაც შეეხება გარედან  ზეწოლას, ეს „ბედნიერება“ კი, ხელისუფლებას უხვად ხვდა წილად.

მაშ, რა არის საქართველოს გამარჯვების მიზეზი ამ „სოროსისტულ-მარქსისტულ“ მანქანაზე? ფაქტია, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ როგორც ჩანს, ყურადღება მიაქცია „ფერადი რევოლუციების“ ბოლო წლების გამოცდილებას და თავიდანვე აიღო ხაზი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის დათმობებს ცალსახად არასამართლიან თემებსა და საეჭვო კომპრომისებში. ამავდროულად საპროტესტო აქციების ჩახშობის დასავლურ დაუნდობელ სისასტიკესთან შედარებით, ჩვენთან განვითარებულ მოვლენებს, ცალკეული გადაცდომების მიუხედავად, ვერანაირ კატასტროფას ვერ მივაკუთვნებთ.

როგორც ჩანს, ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა – ნელ-ნელა ხდება ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება. დღეს „ქართული გამოცდილება“ საერთაშორისო პოლიტოლოგების შესწავლის საგანი ხდება, როგორც ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყო შესაძლებელი კოორდინირებული გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა. ესენია – არანაირი კომპრომისი უსამართლობასთან, არანაირი დიალოგი დეზინფორმატორებთან და ცილისმწამებლებთან. როგორც ჩანს, 2024 წელს საქართველო დაასრულებს იმავე სლოგანით, რომლითაც ამ წელს შეხვდა – ღირსება!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები