“მე რომ მივიჩნევდე, დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი. არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი, არის პრობლემები ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს”, – ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ თემაზე, რომ საქართველოს მთავარი მიზანი არის ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა.
“ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამას ალტერნატივა არა აქვს, მე არ მომისმენია არცერთი ბიზნესმენისგან შეხვედრაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას რაიმე სხვა ალტერნატივა აქვს. მსგავსი რამ არ ყოფილა. საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა ამ მიმართულებას. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სხვა აქტორებსაც, მართებთ გარკვეული სიფრთხილე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სიარულის დროს, უნდა ვიაროთ ისე, რომ რაიმე ნაღმს არ დავაჭიროთ ფეხი. კრიზისი ბიზნესში არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში. გამოსავალია დიალოგი, ლაპარაკი ერთმანეთთან, განსხვავებული აზრის მიღება. უნდა ვისწავლოთ, რომ განსხვავებული აზრი უნდა მივიღოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ ვინმე ჩვენგანი ფლობს სიმართლეს. სიმართლეს ფლობს მხოლოდ ღმერთი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვცადოთ ერთმანეთთან საუბრით რაღაც შეხების წერტილები ვიპოვოთ და ტემპერატურა დავწიოთ ქვეყანაში. პირველ რიგში ტემპერატურა უნდა დაიწიოს“, – განაცხადა ბურდილაძემ.