სიღნაღის მუზეუმში საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციების გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციის – „2021-2024“-ის მეხუთე ნაწილის გამოფენა გაიმართება. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ვალერიან სიდამონ-ერისთავის, სერგო ქობულაძის, ვერა როხლინა-შლეზინგერისა და ირინა შტენბერგის ნამუშევრები.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალშეძენილი ნამუშევრებით შევსება საქართველოს კულტურის სამინისტრომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 2021 წლიდან, შეძლო.
ეს არის 122 მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც მანამდე მუზეუმს არ ჰქონდა ან იქ არასაკმარისად იყო წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული ხელოვნების განვითარების შთამბეჭდავ სურათს. აქ არის ე.წ.1950-1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შეძენისას არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში.
კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართული ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980-1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. ეს პერიოდი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის ნიმუშები ქმნის ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ადგილობრივი გარემოს შეზღუდვების გადასალახავად, საკუთარი გამოცდილების თანამედროვე ტენდენციებთან დასაკავშირებლად.
ასევე შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის – ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახველი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები.
2022 წლიდან დღემდე შესაძლებელი გახდა მხატვრების: სერგო ქობულაძის, კირილე ზდანევიჩის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, ირინა შტენბერგის, გაიანე ხაჩატურიანისა და სხვათა ნამუშევრების, მოქანდაკეების: რუსუდან გაჩეჩილაძის, ვაჟა მელიქიშვილის, კარლო გრიგოლიასა და სიმონ გირკელიძის ქანდაკებების შეძენა.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექცია ეტაპობრივად გამოიფინება. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამ კოლექციის მეხუთე გამოფენა იმართება.
გამოფენა 18 დეკემბერს გაიხსნება და 2025 წლის 23 მარტამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები