კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით თელავის მუნიციპალიტეტს ეწვია
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი სამუშაო ვიზიტით თელავის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ის ესტუმრა თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს, თელავის ისტორიულ მუზეუმს, თელავის წმ. ძმებ კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლასა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს.
მინისტრის მოადგილე შეხვდა სამუსიკო სასწავლებლის დირექტორსა და პედაგოგებს, მათ დაუღალავი შრომისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა, მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და საქმიანობაში სამინისტროს მხარდაჭერას დაჰპირდა.
თელავის ისტორიულ მუზეუმში ბექა დავითულიანმა მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები დაათვალიერა, მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო და თანამშრომლებთან ერთად ამ მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
თელავის წმ. ძმებ კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლაში მინისტრის მოადგილემ გაიცნო სკოლის დამფუძნებლები – ლოტბარები გოჩა და ბექა ბიძინაშვილები და სხვა პედაგოგები, გაეცნო ორგანიზაციის საქმიანობას, წამოჭრილ პრობლემებს და სკოლის განვითარებაში დახმარებისთვის სამინისტროს მზადყოფნა დაადასტურა.
თელავში ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლა 2011 წელს გაიხსნა და დღეს მას 150 მოსწავლე ჰყავს, გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები კი სწავლას სალოტბარო სკოლაში აგრძელებენ.
ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კულტურის მინისტრის მოადგილემ კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე დაათვალიერა და თეატრის დასს შეხვდა.