“თამაშში ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჩაერთო, თუმცა, ვერ შევძელით მატჩის გადარჩენა” – ვილი სანიოლი
“პირველი ტაიმი შესაბამის დონეზე არ ჩაგვიტარებია. იყო ტექნიკური ხარვეზები, გვაკლდა აგრესიულობა. როდესაც ასეთი დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ვეცადეთ, გამოვიყენეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, თამაშში ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჩაერთო, თუმცა, ვერ შევძელით მატჩის გადარჩენა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან ჩატარებული მატჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
“ერთა ლიგაში სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. “ბ” ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, თუ უმაღლეს საფეხურზე გვსურს ასვლა, არის გარკვეული დეტალები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით, მატჩების სასტარტო წუთები, რადგან ბოლო პერიოდში ეს პრობლემა იყო ჩვენთვის. გვაკლდა კონცენტრაცია. თუმცა, სწორედ ეს არის სხვაობა ჩვენსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის. სწორედ ეს დეტალებია, რაც გამარჯვების უფრო მეტ შანსს მოგვცემს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში, რადგან შესანიშნავი განვითარება გვაქვს და გვსურს, რომ მეტისთვის ვიბრძოლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ მომავალში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ”, – განაცხადა სანიოლმა.