როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ხელს კი არ უშლიდნენ მედიასაშუალებებს, პირდაპირ ხურავდნენ, არბევდნენ და ისაკუთრებდნენ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი ტელეკომპანია „იმედის” გადამღები ჯგუფის მიმართ აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და შეურაცხყოფებს გამოეხმაურა.
„როდესაც ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ხელს კი არ უშლიდნენ [მედიასაშუალებებს] პირდაპირ ხურავდნენ, არბევდნენ და ისაკუთრებდნენ. „ევროპული“ ტრადიცია, რომელიც მათ ხელისუფლებაში ჰქონდათ, დღეს ოპოზიციაში აქვთ გადმოტანილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ტელევიზიაში განმარტავენ, რომ შეუძლებელი გახდა მათთვის ადგილზე მუშაობა.
დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა.
ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს აქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს.