ცხოვრება მგლის ხროვის ერთ-ერთ წევრად — შონ ელისის დაუჯერებელი ამბავი
ერთხელ აიდაჰოს ველურ ბუნებაში ერთმა ადამიანმა წარმოუდგენელი რამ, მგელივით ცხოვრება გაბედა. სხვა მსგავსი ისტორიებისგან განსხვავებით, ის ბავშვობაში არ უპოვიათ მგლებს და საკუთარ ლეკვებთან ერთად არ გაუზრდიათ. ბრიტანელმა მკვლევარმა, შონ ელისმა თავისი ცხოვრების წლები მგლების დაცვასა და მათ გაცნობას მიუძღვნა. მისი არაჩვეულებრივი ისტორია ცხადყოფს, თუ რისი გავლა შეუძლია ერთ ადამიანს, რათა გადალახოს უფსკრული ადამიანებსა და ველურ ბუნებას შორის.
ინგლისში, ნორფოლკში დაბადებული შონი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ბუნებით. ის ხშირად დადიოდა სოფლად, აკვირდებოდა ცხოველებსა და მათ ქცევებს. ბიჭის განსაკუთრებული ინტერესი მგლებმა გამოიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ფოლკლორში ეს ცხოველები დადებითად ნამდვილად არ ხასიათდება, შონი მათ ჭკვიანებად, სოციალურებად და ეკოსისტემებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცხოველებად თვლიდა.
ამ გატაცებამ ბიჭი, საბოლოოდ, ცხოველების ქცევის შესწავლამდე მიიყვანა, თუმცა შონი არ იყო კმაყოფილი მგლების შორიდან დაკვირვებით – მას მათ შორის ცხოვრება სურდა… და, აი, 2000-იანი წლების დასაწყისში ელისი შეუერთდა აიდაჰოელი მგლების ხროვას და ჩაეფლო მათ სამყაროში, რათა გაეგო მგლების ენა და დეტალურად შეესწავლა მათი ქცევები. ეს არ გახლდათ ჩვეულებრივი კვლევა — ამ პროცესს თან მგლის ცხოვრების წესის მიღება ახლდა.
ელისი ჭამდა უმ ხორცს, ყმუოდა და გარეთ ეძინა, რათა ხროვის ნდობა მოეპოვებინა. საბოლოოდ, ის ცხოველებმა ხროვის წევრად მიიღეს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან იშვიათი პატივია.
მგლებს შორის ცხოვრებამ ელისს დეტალურად გააცნო მათი სოციალური სტრუქტურა. ის დააკვირდა, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი დახვეწილი მინიშნებების საშუალებით, ინარჩუნებენ იერარქიას ჯგუფში და ზრდიან ახალგაზრდა მგლებს. ამ დაკვირვებებმა უარყო მრავალი მითი მგლების, როგორც დაუნდობელი მტაცებლების შესახებ. ამის ნაცვლად, შონ ელისმა ხაზი გაუსვა მათ ინტელექტს, ლოიალობასა და კრიტიკულ როლს ეკოსისტემებში ბალანსის შენარჩუნების მხრივ.
ელისი მგლების თავგამოდებული დამცველი გახდა და ამ ცხოველების შესახებ საზოგადოების აღქმის შეცვლას მთელი ენერგია მიუძღვნა.
ელისის ისტორიამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. მან თავისი გამოცდილების გაზიარება წიგნების, დოკუმენტური ფილმებისა და ლექციების მეშვეობით დაიწყო. BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა — The Man Who Lives With Wolves — შონი საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო.
ელისმა ინგლისში დააარსა ცენტრი, სადაც ის სხვა ადამიანებს მგლის ქცევას ასწავლის და ამ ცხოველების დასაცავად მუშაობს. ამ წამოწყების საშუალებით, ფერმერები სწავლობენ, თუ როგორ იცხოვრონ მგლებთან მშვიდობიანად, რაც ამცირებს ლეტალური შემთხვევების რაოდენობას.