“რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ხელოვნურად გამოძერწილი “გმირები” შემოეცალა, ახლა დავით კირთაძისგან ცდილობს ახალი ფსევდოგმირის შექმნას” – ზაალ ანჯაფარიძე
“რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მათ მიერ ხელოვნურად გამოძერწილი “გმირები” შემოეცალათ, ახლა დავით კირთაძისგან ცდილობენ ახალი ფსევდოგმირის შექმნას, რომელსაც თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რაც სრული სიცრუეა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“პარალელურად, სახეზე გვაქვს ამ ოპოზიციის და მასთან აფილირებული ე.წ. ლიბერალური “ბაბლის” სრული თვითლუსტრაცია, და კირთაძის ინციდენტი კარგი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ზოგიერთი “უფლებადამცველის” ლუსტრაციისთვის, დასაშვებად რომ მიიჩნევენ იმას რაც კირთაძემ გააკეთა.
ჩემთვის სრულიად სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ცესკოს თავმჯდომარეზე კირთაძის თავდასხმა სრულიადაც არ ყოფილა “გულწრფელი პროტესტის” სპონტანური აქტი, როგორც უნდათ წარმოაჩინონ.
კერძოდ, კირთაძე სხდომათა დარბაზში შევიდა ყავის ჭიქით, რომელშიც სინამდვილეში ესხა შავი საღებავი. წინასწარ გაფრთხილებული ოპოზიციური ტელეარხები, ისე იყვნენ განლაგებული დარბაზში, რომ საღებავის შესხმის “ისტორიული ფაქტი” კარგი რაკურსით გადაეღოთ. რამდენიმე ბანერიც იყო წინასწარ გამზადებული, რომელთა გაშლა ვერ მოახერხეს რადგანაც ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდნენ
ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, კირთაძის მეუღლე, რომელიც ცესკოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, წერს განცხადებას სამსახურის დატოვებაზე. (სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ის სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა). სავარაუდოდ კირთაძის მეუღლის წასვლას, ოპოზიციური მედიები კირთაძის ოჯახის დევნად შეაფასებენ.
თუმცა, მთავარია, რა იყო თავად კირთაძის მოტივაცია? იმავე წყაროების ცნობით, ის უბრალოდ გამოიყენეს, ახლა კი ჰპირდებიან დახმარებას საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაში და სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას 2 წლის მანძილზე”, – წერს ანჯაფარიძე.