“რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, საქართველო როგორმე ჩართოს დესტაბილიზაციის პროცესში, რომელიც დაარტყამს სოციალურ სფეროს” – ვოლსკი
“დღეს რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, რომ საქართველო როგორმე დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში ჩართოს, მათმა აქციებმა დაპირისპირების ის ხარისხი გამოიწვიოს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სისხლისღვრამდე და მაიდანის სცენარამდე, რომელსაც გვკარნახობენ საქართველოში ჩამოსული ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორის წარმომადგენლები, არამარტო პარლამენტის წარმომადგენლები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც საგარეო უწყებებს ხელმძღვანელობენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს რეალობა უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
“ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე პარტია ან სუბიექტი აქ უფრო აქტიურობს. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც არა მხოლოდ თანხებს ამობილიზებს, არამედ სერიოზულ პროპაგანდასაც ეწევა იმ ადამიანებს შორის, ვინც არიან იმ სექტის მონაწილეები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ველზე ჩამოაყალიბეს რადიკალურმა ოპოზიციურმა სუბიექტებმა. ასევე, იმ ადამიანების შეცდომაში შეყვანის სერიოზული პრობლემააა, სახელმძღვანელოებია ჩამოყალიბებული. საზოგადოების ნაწილი შესაძლოა, რამით უკმაყოფილოა, შესაძლოა, არ აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას, მაგრამ, ამავე დროს, არ აქვთ წარმოდგენა იმ ბნელი ზრახვების შესახებ, რომელსაც ატარებს რადიკალური ოპოზიციის ეს გაერთიანება – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.