ნათია იოსელიანი: დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ასახვით შემდეგ უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს შედეგებს

დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ასახვით შემდეგ უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს შედეგებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული შედეგების შესაბამისად, კენჭისყრის დღიდან, არაუგვიანეს 26-ე დღისა, შეაჯამებს არჩევნების შედეგებს და შეადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მანამდე ვისაუბროთ იმაზე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა არ დაინიშნება იქამდე, ვიდრე საერთო სასამართლოებში არ დასრულდება საჩივრების განხილვის პროცესი.
ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ დღეს, ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი საიას და ასევე, ორი პოლიტიკური გაერთიანების საჩივარი იხილება და ბუნებრივია, რომ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, აქვთ კანონმდებლობით იმის უფლება საჩივრის წარმდგენ ორგანიზაციას და ორ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ მიმართონ შემდეგ სააპელაციო სასამართლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ასახვით შემდეგ უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს შედეგებს.

უკიდურესი ვადა გახლავთ 21 ნოემბერი, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობით გაწერილ ვადებს, სწორედ მას შემდეგ, რაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოსი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩაინიშნება სხდომა“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები