ნათია იოსელიანი – გენდერულ სტატისტიკაზე: ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად გავეცით პასუხი „სამართლიან არჩევნებს“, უცნაურია, რატომ ვერ გაიგეს ჩვენი პასუხი
ჩვენ ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად გავეცით პასუხი, თუმცა უცნაური ისაა, რატომ ვერ გაიგო ჩვენი პასუხი „სამართლიანმა არჩევნებმა“, – ასე გამოეხმაურა ცესკოს პრესსპიკერი გადაცემა „იმედი LIVE“-ში გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას.
„აღნიშნული ეხება მხოლოდ 11 საარჩევნო უბანს, მაშინ როდესაც შექმნილი იყო 3044 საარჩევნო უბანი. გენდერული სტატისტიკა ეს არ გახლავთ კანონით დადგენილი მოთხოვნა, ჩვენ არ შეგვაქვს შემაჯამებელ ოქმში გენდერული სტატისტიკა, არამედ შეგვაქვს მხოლოდ იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში მიბრძანდა. რაც შეეხება ამ 11 უბანს და 150 ამომრჩეველს, ცესკომ იმ დღესვე, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, უპასუხა ისფედს, რომ ეს შეეხებოდა ცდომილებას, რომელიც ინფორმაციის გადმოცემის დროს დაფიქსირდა. თავდაპირველად პირველადი ინფორმაცია იყო და მხოლოდ 11 უბნიდან მიღებულ ინფორმაციაში იყო აცდენა. მოგეხსენებათ, რომ არჩევნებში მონაწილე ქალთა რაოდენობაში უზუსტობამ გამოიწვია ის გაუგებრობა რაც ამ 150 ამომრჩეველს ეხებოდა, თუმცა ამას შედეგებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავად სამართლიანმა არჩევნებმაც იცის ეს ძალიან კარგად, არ ვიცი რას ემსახურება ეს ყოველივე, შესაძლებელია რაიმე პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას ამით, მაგრამ სამართლებრივი პერსპექტივა ამას არ გააჩნია“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.