საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი – გოგიტა თოდრაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – გოგიტა თოდრაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.

საქსტატის ცნობით, შეხვედრაზე 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკითხი განიხილეს.

“გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2024 წლის აღწერის შესახებ. მისი თქმით, 2024 მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ჩატარდება ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაცია წარმოადგენს მონაცემთა შეგროვების მეთოდს, როდესაც რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის.

თვითრეგისტრაციის მსურველებისთვის საქსტატმა შექმნა სპეციალური ვებპლატფორმა, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებგვერდზე https://census2024.geostat.ge/ka.

ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

აღწერის შედეგების საფუძველზე, ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები