ქვეშეთისა და გუდაურის საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ჩატარდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთისა და გუდაურის საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა.

მათივე ცნობით, ქვეშეთისა და გუდაურის საჯარო სკოლებში ჩატარებული საგზაო უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები მოიცავდა ორ სამიზნე ჯგუფს – პირველიდან მე-5 კლასის და მე-6-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს.

„კამპანიის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების იმ მოთხოვნებზე, რომელთა დაცვა აუცილებელია ქვეითების მიერ. ეს იქნება ზებრაზე გადასვლა, ველოსიპედით მოძრაობის წესები, ღამის საათებში გადაადგილება თუ სხვა.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, მოცემულ ეტაპზე, უკვე დასრულებულია 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის და 9 კმ-იანი საევაკუაციო გვირაბის გაჭრა, მისასვლელი გზისა და დარჩენილი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს ატარებს მაგისტრალური გზების მშენებლობის სხვა პროექტის ფარგლებშიც. მხოლოდ მიმდინარე წელს, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 3400 ბენეფიციარისთვის, მათ შორის 800 სკოლის მოსწავლისთვის, ჩატარდა საგზაო უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

კამპანიები და ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების სხვავადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში. მსგავსი სახის სოციალურ პროექტებს დეპარტამენტის საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები