მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის გეგმაა, რომ ორშაბათს იქნება გეგმა
ოპოზიციის გეგმაა, რომ ორშაბათს იქნება გეგმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„როგორ არ მოისმინეთ? მათი გეგმაა, რომ ორშაბათს იქნება გეგმა. ეს არის უსერიოზულესი გეგმა. სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. მათ როდესაც თქვეს, ახლა უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზებაო, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. გაბრაზების განხორციელება რაღაც ახალი ტერმინია. უნდა გავაბრაზოთ თქვან, გაბრაზებული იქნას მაგივრად თქვან, რომ გაბრაზდა, ასეთი რაღაცები თქვან, რაებს ლაპარაკობენ. უკვე აჭრილი არიან, სწორად ვეღარც მეტყველებენ. გაბრაზება უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხისო, ჩახლართეს სიტყვათა წყობით, მაგრამ, რეალურად, გააბრაზეს თავიანთი ამომრჩეველი. გულწრფელად მესმის მათი, ამომრჩეველს როდესაც ეუბნები, რომ „ქართულ ოცნებას“ 25 პროცენტი აქვს და შემდეგ 54 პროცენტს იღებს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა, ვერ ხვდები, ვერც ტოპტვინები გიტვინავენ, ვერც თენგო იძახის ვერაფერს და ამ საოცარ მდგომარეობაში ხარ, როცა არსად გაქვს გასაქცევი, არსად გაქვს შესასვლელი. ამ შემთხვევაში, არგუმენტებს ვგულისხმობ და არა სხვა გაქცევას, რამე რომ არ დაგვაბრალონ. შემდეგ იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც, გეგმა იქნება ორშაბათს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.