პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, თინათინ რუხაძე წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, თინათინ რუხაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე წარუდგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, რის შემდეგაც კულტურის სამინისტროს თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე გაუძღვება.

„თინათინ რუხაძე იქნება კულტურის მინისტრი. როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, შევიტანთ ცვლილებას კანონში, ცალკე გამოიყოფა სპორტის სამინისტრო და მას უხელმძღვანელებს შალვა გოგოლაძე, რომელიც მანამდე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იქნება. სპორტში გვაქვს დიდი წარმატებები და შესაბამისად, სპორტის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ცალკე სამინისტრო შეიქმნება, რომელიც სპორტთან დაკავშირებულ საქმეებს გაუძღვება. ორივე მათგანი – როგორც მინისტრი, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე, არიან პროფესიონალები, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები