“სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნა რამე დიდი მოვლენით უნდა გადაეფარათ და ამიტომ მე გამწირეს. ეს გადაფარვა დაახლოებით 10 დღეს გაგრძელდა: ჩემი დაპატიმრება , სასამართლოები, აღკვეთის ღონისძიება. იმის შემდეგ სანდრო გირგვლიანის თემა, ბუნებრივია, კვლავ წამოიწია და საზოგადოების გამოსვლები იყო. 10 დღის პიარისთვის გამწირეს და სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს”, – ამის შესახებ “თბილგაზის” ყოფილ მა დირექტორმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გვიჩიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გვიჩიანმა საკუთარ ისტორიაზე ისაუბრა და ოპოზიციის ამომრჩევლებს მიმართა.
“2006 წელს, ჩემს დაპატიმრებამდე “თბილგაზის” გენერალურ დირექტორად ვმუშაობდი. ჩემს ისტორიას მოკლედ შეგახსენებთ. 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა. მკვლელობის გახმაურების შემდეგ, სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე პრეზიდენტ სააკაშვილისგან ითხოვდა, რომ მისი შვილის მკვლელობა გაეხსნა, მკვლელები დაეპატიმრებინა, მათ შორის იმ სუფრის წევრები, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები , ვისგანაც მისი წამების და შემდეგ მკვლელობის შეკვეთა წავიდა, თანამდებობიდან გადაეყენებინა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რადგანაც მისი მეუღლეც იმ სუფრაზე იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ დაახლოებით 1 თვე არ გამოჩენილა ტელევიზიით, არცერთი ჟურნალისტისთვის ინტერვიუ არ მიუცია, არ გაუხსნია არცერთი ღონისძიება. ის დაიმალა, რადგანაც ირინა ინუქიძისთვის პასუხი არ ჰქონდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა სანახევროდ გაეხსნა, მხოლოდ შემსრულებლები დაეპატიმრებინა და ეს რაღაცა სხვა დიდი მოვლენით გადაეფარა. 6 მარტს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს მხოლოდ შემსრულებლები დააპატიმრეს. 6 მარტს, ღამე ციხეში პატიმარს ჩემს წინააღმდეგ მიაცემინეს ჩვენება, დამაბრალეს, თითქოს, 4 წლის წინანდელი მკვლელობა მე შევუკვეთე. 6 მარტს, იმავე ღამეს დამირეკა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და მთხოვა, რომ მეორე დილას, 11:00 საათზე ჩემს კაბინეტში მისი წარმომადგენლები მიმეღო. ანუ, კაბინეტში უნდა ვყოფილიყავი. მეორე დილას, 11:00 საათზე, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში დამაპატიმრეს. საზოგადოების მთელი ყურადღება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნიდან გადაიტანეს. ჩემი დაპატიმრებიდან 10 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიით პირველად გამოჩნდა, 4 ჟურნალისტს შეხვდა. “იმედის” მაშინდელი ჟურნალისტის, მანანა მანჯგალაძის დასმულ შეკითხვაზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, გადააყენებდა, თუ არა ვანო მერაბიშვილს, სააკაშვილმა გასცა პასუხი, რომ ვანო მერაბიშვილმა შექმნა ეფექტური პოლიცია, რომელმაც ნიკა ლომინაძის მკვლელობა გახსნა, მე დამაპატიმრეს. ჩემი დაპატიმრების მთელი არსი ეს იყო, რომ სააკაშვილი ტელევიზიით გამოსულიყო და ირინა ინუქიძისთვის პასუხი გაეცა. ანუ სანდრო გირგვლიანის მკვლელობას პასუხი ნიკა ლომინაძის მკვლელობით გასცა. ამის შემდეგ გამოძიებამ ჩემთან მოლაპარაკება დაიწყო, მშვენივრად იცოდნენ, რომ უდანაშაულო ვიყავი. ამიტომ, მთხოვეს, რომ ამ დანაშაულში ირიბი მონაწილეობა ჩემს თავზე ამეღო, ვითომ, შუამავალი ვიყავი, მკვლელობის შემკვეთად “ეი ეს თელასის” ყოფილი გენერალური დირექტორი, იგნასიო ირიბარენი დამესახელებინა, რომელიც იმ დროს საქართველოში არ ცხოვრობდა. გამოძიებას უარი ვუთხარი. სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. შემდეგ დაახლოებით 3 კვირაში მაშინდელი გენერალური პროკურორის, ადეიშვილის პირველი მოადგილისგან კვლავ შემომითვალეს, ისევ ხომ არ ვიფიქრებდი საპროცესო გარიგებაზე, ჯერ კიდევ შეიძლებოდა სააპელაციო სასამართლომდე იგივე – რომ ჩემს თავზე ამეღო შუამავლობა, ანუ ირიბი მონაწილეობა, შემკვეთად უკვე დამესახელებინა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის ფირმა იურიდიულ მომსახურებას უწევდა “თელასს”, აქედან უნდა დამეკავშირებინა. დანარჩენი მე უნდა დამელაგებინა, თუ ამაზე დავთანხმდებოდი. მე უარი ვუთხარი. 11 წლის ციხეში გატარება მომიწია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ ჩემი და ნიკა ჩემიას საქმეს გადახედა. შუამდგომლობით შევიდა სასამართლოში, რომ უდანაშაულო ადამიანები იყვნენ ციხეში და შემდეგ ჩვენი გამართლება სასამართლოს ძალით მოხდა. რატომ მოვყევი ეს ისტორია და რისი თქმა მინდა: რატომ დამაპატიმრეს, ზოგადად, ჩემს მიმართ არავითარი ცუდი განწყობა არავის ჰქონია. უბრალოდ ვითარებამ მოითხოვა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნა რამე დიდი მოვლენით უნდა გადაეფარათ და ამიტომ მე გამწირეს. ეს გადაფარვა დაახლოებით 10 დღეს გაგრძელდა, ჩემი დაპატიმრება და სასამართლოები, აღკვეთის ღონისძიება. იმის შემდეგ სანდრო გირგვლიანის თემა, ბუნებრივია, კვლავ წამოიწია და საზოგადოების გამოსვლები იყო. 10 დღის პიარისთვის გამწირეს და სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. შემდეგ ჩემი ხელით უნდოდათ, ირაკლი ოქრუაშვილი, იგნასიო ირიბარენი გაეწირათ. ამით მინდა, დაგანახოთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს რა საშიშროების წინაშე იდგა საზოგადოება. მათი დაბრუნების შემთხვევაში კიდევ რა საშიშროება გველოდება.
მინდა, მივმართო “ნაციონალური მოძრაობის “, ხაზარაძის, გვარამიას პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის ” მეგობარი, სატელიტი პარტიების ამომრჩევლებს: 2019 წელს ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯი იყო მშვიდობა, რომ უკრაინას მშვიდობას მოუტანდა, დაელაპარაკებოდა პუტინს, ომს დაამთავრებდა დონბასში. ამიტომაც უკრაინელმა ხალხმა ზელენსკი პრეზიდენტად აირჩია. შემდეგ მან პოზიცია შეცვალა, ან შეაცვლევინეს. განაცხადა , რომ მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს,რომელიც დონბასში ომის შეწყვეტას ეხებოდა და რუსეთთან ურთიერთობა უფრო დაძაბა. დიდი ომი მიიღო. ჩვენ 12 წელია მშვიდობა გვაქვს, თუ სათავეში უცხოეთიდან მართული ხელისუფლება მოვიდა ( კარგად ვხედავთ, რომ ეს 4 პარტია, ფატქობრივად, უცხოეთიდან იმართება), რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა გარდაუვალია,რასაც აუცილებლად საომარი მოქმედებები მოჰყვება. უახლოეს 1 წელიწადში ჩვენი ომში ჩაბმა გარდაუვალია. ეს ომი ყველა ოჯახს შეეხება, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის ” , ხაზარაძის, გვარამიას, გახარიას პარტიების ამომრჩევლებს.ეს ყველას შეეხება, ვისაც ოჯახში 20-დან 45 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავს. ჩემი რამდენიმე ახლობელი კიევში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კიევში ომი არ არის, ელექტროენერგია დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათით მიეწოდებათ, 2 საათი აქვთ წყალი. ვინც მაღალ სართულებზე ცხოვრობს, იძულებულები არიან, პროდუქტები, დასალევი წყალი კიბეებით აიტანონ. ომი უბედურებაა.ამ 4 პარტიის ამომრჩევლებს მივმართავ: როდესაც 26-ში ხმის მისაცემად მივლენ, კარგად გაიაზრონ, რომ უბედურებას არ მისცენ ხმა”, – განაცხადა გვიჩიანმა.