ირაკლი მდივნის გამოფენა და კატალოგის წარდგენა გაიმართება

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე ქართველი მოდერნისტისა და თეატრალური მხატვრის, ირაკლი მდივნის, გამოფენისა და კატალოგის პრეზენტაციას უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ირაკლი მდივანი გამორჩეული ქართველი მხატვარია, რომლის თაობაზეც არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი. მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში კარგად ჩანს მხატვრის მოდერნისტული მისწრაფებები, რაც ქართულ მხატვრობაში გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების შემდგომ, ფაქტობრივად, შეწყდა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართულ მოდერნიზმს არა მხოლოდ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ჰყავდა პეტრე ოცხელის სახით, მასთან ერთად ინდივიდუალურ ხედვასა თუ ესთეტიკას მხატვარი, გრაფიკოსი და სცენოგრაფი ირაკლი მდივანიც იზიარებდა, რომელმაც გამორჩეული, ინდივიდუალური ხელწერის მქონე ნამუშევრები დაუტოვა მომავალ თაობას.
ირაკლი მდივანი 1926-1930 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში ევგენი ლანსერესა და იოსებ შარლემანის ჯგუფში სწავლობდა. 1931-1938 წლებში მუშაობდა ქუთაისის, ველისციხის, სიღნაღის, თბილისის მუშა ახალგაზრდობის, ხაშურის, ტყიბულის, გორის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრების მხატვრად. თუმცა, 1939 წლიდან თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი გახდა, სადაც 1970 წლამდე მოღვაწეობდა.
შემოქმედმა ამ დროის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი დადგმა გააფორმა, რისთვისაც 1957 წელს პირველი ხარისხის სიგელი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. საერთო ჯამში, ირაკლი მდივნის ავტორობით 100-მდე სპექტაკლი გაფორმდა, მათ შორისაა ნინა გერნეტის „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“, ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, შარლ პეროს „ჩექმებიანი კატა“, ალექსეი ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალი“ და სხვა.
გამოცემულ კატალოგში სრულად არის წარმოჩენილი მხატვრის მიერ შექმნილი როგორც თეატრალური გაფორმების ნიმუშები, ასევე თავისუფალი ჩანახატები, ბიოგრაფიული მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, დადგმათა ჩამონათვალი, რაც მკითხველს ხელოვანის შესახებ სრულყოფილ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ხელოვნების სასახლეში ირაკლი მდივნის პერსონალური გამოფენა 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები