უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო ადიღეში დასახლების ევაკუაცია განხორციელდა
რუსეთის ადიღეს რესპუბლიკაში, ქალაქ მაიკოპთან დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაბა როდნიკოვოს მცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ ადიღეს ხელმძღვანელმა, მარატ კუმპილოვმა განაცხადა.
კუმპილოვს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 47 კრასნოდარის მხარის თავზე.