ბიზნესმენი თუ პოლიტიკას ამოფარებული თაღლითი – რას ედავება გამოძიება გიორგი ჩიკვაიძეს

სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგი” კომპანია ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებს გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს 416 000 ევროს ედავება.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.

აღნიშნულ საქმეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის დანაშაულის – მსხვილი თაღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე იძიებს. ბიზნესმენებს გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს, უწყება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად და ბიზნესზე რეკეტად აფასებენ. ბიზნესმენებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს და აცხადებენ, რომ „სკანდალურ ამბებს“ გაასაჯაროებენ.

თუმცა, ვიდრე „სკანდალურ ამბებს“ გაასაჯაროებს, გიორგი ჩიკვაიძემ  გენერალურ პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საჯარო დებატებში გამოიწვია. ბიზნესმენი ამბობს, რომ მზადაა ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში დაჯდეს და გაბიტაშვილს პირისპირ მოუყვეს, მინიმუმ, 6 ბიზნესმენის საქმე, სადაც მისი მტკიცებით, სისტემის მხრიდან ზეწოლა იკვეთება.
უარის შემთხვევაში კი საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე 6-დღიანი დემონსტრაციით იმუქრება.

კომპანია „ელთ ბილდინგში“ მიიჩნევენ, რომ ჩიკვაიძე სისხლის სამართლის დანაშაულის პოლიტიკური კონტექსტით შეფუთვას ცდილობს, რათა სამართლიან სასჯელს თავი აარიდოს.

რა მოხდა რეალურად და როგორია მხარეთა პოზიციები. „კვირა“ სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგი იურისტს ვიტალი ხალვაშს ესაუბრა.

პირველი კონტაქტი

2022 წელს გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი საკუთარი ინიციატივით, დაუკავშირდნენ „ელთ ბილდინგს“ და უთხრეს, რომ მათ მშენებარე კომპლექსში აპარტამენტების შეძენით იყვნენ დაინტერესებული. მოგვიანებით კი იახტის შეძენასა და ტრანსპორტირებაში დახმარება შესთავაზეს.

ვიტალი ხალვაში გვიყვება, რომ აღნიშნულმა პირებმა კომპანიის მენეჯმენტის ნდობა მოიპოვეს და შესაბამისად, „ელთ ბილდინგს“ მათთვის წინასწარი გარანტიები არ მოუთხოვია.

„ჩვენ ვართ სამშენებლო კომპანია და ბათუმის ზღვისპირა ზოლში ვაშენებთ მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობებს. თავის დროზე კომპანიამ გადაწყვიტა რომ კომპლექსების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე , ზღვისპირა ზოლში მოეწყო ე.წ. იახტკლუბი. ამასთან დაკავშირებით დაიბეჭდა ფოტო რენდერები განთავსდა სოციალურ ქსელებში, საიტებზე და ა.შ.
შემდგომში გაირკვა რომ ამ პირებმა ნახეს ჩვენი ფოტო რენდერები, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენთან სურდათ აპარტამენტების შეძენა. ამ მიზნით ჩამოვიდნენ ბათუმში, შეხვდნენ კომპანიის გაყიდვების მენეჯერს. ფორმალურად გააფორმეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები . შემოვიდნენ ურთიერთობაში მენეჯმენტთან. ამის შემდეგ უკვე დაიწყო, რომ ჩვენ ვნახეთ თქვენი რენდერები ვართ ესა და ეს პირები, დიდი ხანია ამ ბიზნესში ვართ ჩართული, შეგვიძლია დაგეხმაროთ როგორც იახტების შეძენაში, ასევე იახტკლუბის მშენებლობაში და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმაროთ იახტების ჩამოტანაში. ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. 2022 წლის მაისში შეიძინეს ეს აპარტამენტები და შემდეგ ყოველდღიური კომუნიკაციით გვარწმუნებდნენ, ფოტოებს გვაჩვენებდნენ, იმდენად შემოვიდნენ ნდობაში რომ კომპანიამ არც საბანკო გარანტია და არც სხვა უზრუნველყოფის გარანტიები არ მოსთხოვა. ეს არის პროფესიონალი თაღლითების საქმიანობა. იმდენად ისარგებლეს ჩვენი ნდობით, კომპანიის მენეჯმენტს არ გასჩენია ეჭვი რომ რაიმე სახის გარანტიაზე გვქონოდა საუბარი“,- ამბობს ხალვაში.

რაზე შეთანხმდნენ მხარეები

კომპანიებს შორის ბიზნეს გარიგება ურთიერთსასარგებლო პირობების გათვალისწინებით წარიმართა. რაც გულისხმობდა, რომ “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა” “ელთ ბილდინგს”  416 000  თანხის გადახდის შემდეგ ჩამოუყვანდა იახტას, რომელსაც იჯარის ხელშეკრულებით ისევ “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა“ აიღებდა მართვაში და ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაუხდიდა თავად „ელთ ბილდინგს“.

დეველოპერულ  კომპანია “ელთ ბილდინგსა” და “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებმა გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას იახტა უნდა ჩამოეყვანა, რისთვისაც  კომპანია “ელთ ბილდინგმა “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა. აღნიშნული ხელშეკრულებით იახტის ჩამოყვანის ვადა 2023 წლის 31 აგვისტომდე განისაზღვრა.

სიცრუე და ყალბი დაპირებები

ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, თუმცა მხარეებს შორის ყოველდღიური კომუნიკაციის დროს გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ჯიუტად არწმუნებდნენ კომპანია “ელთ ბილდინგის” მენეჯმენტს, რომ იახტა უკვე შეძენილი იყო და ის ტრანსპორტირების პროცესში იმყოფებოდა. ეუბნებოდნენ, რომ იახტა თურქეთის წლებში იმყოფება და დამკვეთი მის კუთვნილს ოქტომბრის თვეში მიიღებდა. კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია “ელთ ბილდინგს ყალბი ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდეს.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამკვეთს უგზავნიდნენ თითქოსდა შეძენილი იახტის ფოტო-ვიდეო მასალას.

ჯერ განაცხადეს, რომ იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, შემდეგ კი დამკვეთს აუწყეს, რომ იახტა დაზიანებული აღმოჩნდა და შეკეთების მიზნით უკან დააბრუნეს.

„ელთ ბილდინგის“ წარმომადგენელი იხსენებს, რომ როდესაც უკვე ეჭვი გაჩნდა, კომპანიამ წერილობით მიმართა “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ და იახტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა.

კომპანიის მფლობელებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ რეალურად იახტა არ არსებობდა და “ელთ ბილდინგის” მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას უკან დააბრუნებდნენ.

გიორგი ჩიკვაიძემ საკუთარი ანგარიშიდან თანხის 10% – 50 ათასი ევრო გადაურიცხა „ელთ ბილდინგს“. ვიტალი ხალვაში განმარტავს, რომ ჩიკვაიძემ თანხა იმ მიზეზით გადმორიცხა, რომ იგრძნო შესაძლო საფრთხეები და გადაწყვიტა ამ გზით თავი აერიდებინა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის.

გამოძიება

აღნიშნულ საქმეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის დანაშაულის – მსხვილი თაღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე იძიებს.  გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ბიზნესმენებს  7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რა მტკიცებულებებია საქმეში

 „ამ პირებს ვალდებულება უნდა შეესრულებინათ 2023 წლის 31 აგვისტომდე. როცა დადგა აგვისტო და იახტა არ გადმოგვეცა, შემდეგ მხარეებმა ისევ შეიტანეს ხელშეკრულებაში ცვლილება და მოწოდების ვადა გადაწიეს სექტემბრის თვემდე. შემდეგ როცა სექტემბერშიც ვერ შეასრულეს ვალდებულება, გადაიწია  ოქტომბერში. ოქტომბერშიც ვერ შეასრულეს ვალდებულება – გადაიწია დეკემბრის თვემდე.
მხარეებს შორის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ყოფილა. ჩვენი ინტერესი იყო იახტის მიღება. დეკემბერში როცა ვალდებულება ისევ შეუსრულებელი იყო მოითხოვეს იანვარში გადაწევა , ჩვენ უკვე დავეჭვდით. მანამდე ჯერ კიდევ აგვისტოში გვიგზავნიდა იახტის ფოტოებს, ვიდეოებს და ლოკაციებს.რა კონფიგურაცია და მახასიათებლები ჰქონდა.

როცა ეჭვი შეგვეპარა მათ ქმედებებში ჩვენ მივმართეთ წერილობით, რომ გადმოეცათ იახტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ვერ წარმოადგინა და იგრძნო ჩვენ ამ საქმეს მივცემდით შესაბამის სამართლებრივ კლასიფიკაციას, მივმართავდით საგამოძიებო ორგანოებს. ირაკლი პაპიაშვილმა, ფიზიკურმა პირმა 50 ათასი ევრო გადმორიცხა კომპანიის ანგარიშზე. ეს იმიტომ გააკეთა, რომ საქმეს მისცემოდა სამოქალაქო საქმის კვალიფიკაცია. დაკვალიფიცირებულიყო როგორც ვალდებულების არ/ვერ შესრულება, სადაც ჩვენ შეგვეძლებოდა მხოლოდ სამოქალაქო წესით გვედავა. ეს იყო ზუსტად წინასწარი გათვლა, ფიზიკურ პირს გადმოარიცხინეს თანხა და არა იმ კომპანიას რომელსაც ჩვენთან ვალდებულება ჰქონდა.

ერთი მტკიცებულება მაინც რომ ჰქონოდათ თუნდაც იახტის შეძენის, ან ჩვენ მიერ გადარიცხული თანხის მიზნობრივად გამოყენების, ნებისმიერი რამ რაც მათ კეთილსინდისიერებას გაუსვამდა ხაზს, რა თქმა უნდა სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრებოდა. მათ რაიმე სახის მტკიცებულება არ გააჩნიათ, ბუნებაში არ არსებობს მათი ქმედების გამაქარწყლებელი მტკიცებულება“,- განმარტავს იურისტი. 

ბიზნესის რეკეტი თუ თაღლითური სქემა

სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ზეწოლად შერაცხვას კომპანია „ელთ ბილდინგში“ აბსურდს უწოდებენ.

ვიტალი ხალვაში აცხადებს, რომ გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ჩაიდინეს დანაშაული და შესაბამისად, მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ. იურისტი განმარტავს, რომ მათ კომპანიასა და დამფუძნებელს არასდროს პოლიტიკასთან გადაკვეთა არ ჰქონია და მით უმეტეს „ბიზნესის ახევის“ ბრალდება უსაფუძვლოა.

ჩვენ საქმეს პოლიტიკასთან შეხება არ აქვს. ეს არის წმინდა სამართლებრივი საქმე. აღნიშნულმა პირებმა ისარგებლეს კომპანიის ნდობით. ნდობის მოპოვების შემდეგ გააფორმეს იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვენ კომპანიასთან. რომლის საფუძველზე კომპანიამ გადაიხადა 416 000 ევრო. მათი ვალდებულება იყო რომ 2023 წლის 31 აგვისტომდე შეეძინათ იახტა იტალიაში, იახტების მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში და ის ჩამოეყვანათ საქართველოში ჩვენთვის. მათ არ შეასრულეს ეს ვალდებულება. ჩვენ მიერ ჩარიცხული თანხები უკანონოდ მიითვისეს. ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად არის დასჯადი ქმედება . შესაბამისად საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული პირების მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. წარუდგინა ბრალი.

ამას პოლიტიკასთან რაიმე კავშირი არ გააჩნია. ჩვენი კომპანია, კომპანიის დამფუძნებელი არასდროს ყოფილა პოლიტიკაში ჩართული პირი . არც რაიმე კავშირი გვქონია რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. თავის გადარჩენის გზაა ამათთვის , ცდილობენ პოლიტიკურ საქმეს მიაწერონ და რაიმე სახის შეღავათი მიიღონ ამით. ჩვენი საქმე არის წმინდა სამართლის საქმე და აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აგონ პასუხი“,- აღნიშნა ხალვაშმა.

     ჩიკვაიძის „პირამიდა“

როგორც ირკვევა, გიორგი ჩიკვაიძე მსგავსი სქემით წლებია მოქმედებს. ის გადასახადებისა და ვალდებულებების თავის არიდების მიზნით არეგისტრირებდა ახალ შპს-ეებს და ძველს აკოტრებდა. თუმცა ე.წ პირამიდა კომპანია „ელთ ბილდინგთან“ ჩამოიშალა.

გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მას წარმატებული ბიზნესი აქვს, თუმცა მთელი საქმიანობის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახადი არასდროს შეუტანია.  მიმდინარე საქმის ფარგლებში კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მხრიდან დაზარალებული კიდევ რამდენიმე კომპანია და ფიზიკური პირია.

„ახლა გამოჩნდა რომ მსგავსი სქემით მუშაობდნენ წლების განმავლობაში. ე.წ პირამიდა ჰქონდათ აწყობილი. ერთ ბიზნეს სუბიექტს გამოართმევდნენ თანხას უბრუნებდნენ მეორეს. ჩვენ აღმოვჩნდით ის კომპანია, რომელთაც ეს სქემა ჩამოეშალათ. ვერც ფული დააბრუნეს და ვერც იახტა მოგვიყვანეს.

არსებობს საბანკო ამონაწერი სადაც ნათლად ჩანს რომ ჩვენ მიერ ჩარიცხული თანხა ჯამში 1 155 059 ლარის გარდა, აღნიშნულ ორგანიზაციას არანაირი თანხა არ მიუღია. თუ ამბობენ, რომ აუდიტი გაიარა, საგადასახადო ორგანოებში გადასახადებს იხდიდა , საჯარო ინფორმაცია, მათი კომპანიის სამეწარმეო ამონაწერი რომ ნახოთ როგორც ფიზიკურ პირს გიორგი ჩიკვაიძეს ასევე მათ კომპანიას, უფიქსირდება საგადასახადო გირავნობა იპოთეკებით. საბანკო ამონაწერიდანაც ჩანს, რომ არც ერთი თეთრი არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.
ამ პირებისგან ასევე დაზარალებულია რამდენიმე ორგანიზაცია და რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფიქსირებენ, რომ შეიძინეს იახტა, გადაიხადეს თანხა მაგრამ იახტის მოწოდება არ მოხდა.
“,- აღნიშნა ხალვაშმა.

პოლიტიკური კონტექსტი

გიორგი ჩიკვაიძის დაცვის ხაზი პოლიტიკურ კონტექსტზეა აგებული. ამტკიცებს, რომ ბიზნესის წართმევას უპირებენ, თუმცა საქმეში არსებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მის კომპანიას „ელთ ბილდინგის“ მიერ ჩარიცხულ თანხამდე არავითარი კაპიტალი არ ჰქონია და არც რაიმე ქონება უფიქსირდება.

მათი დაცვის ხაზი გადის პოლიტიკურ კონტექსტზე თითქოს ვიღაცა მათ დევნის, ბიზნესს “ახევს” და ა.შ.
რა ბიზნესის “ახევაზეა” საუბარი როდესაც სანამ ჩვენ თანხას ჩავურიცხავდით მათი კომპანიის მოგება იყო ნული ლარი და არც ერთი თეთრი არ აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი. ვის რაში სჭირდებოდა მათი ბიზნესი.

ჯერ ერთი მონოპოლია არ არის საქართველოში და ბიზნეს საქმიანობა არის თავისუფალი. მეორე, მათი ბიზნესი არავის აინტერესებდა . მათი ბიზნესი იყო მხოლოდ შავად გაკეთებული. კომპანიას არანაირი ქონება, ერთი ავტომობილი და უძრავი ქონებაც კი არ გააჩნიათ. რატო უნდა გაუჩნდეს ნორმალურ ბიზნესმენს მიიტაცოს ამ თვითმარქვიების ბიზნესი“,- აცხადებს ვიტალი ხალვაში. 

უარი მედიას

მასალის მომზადების პროცესში „კვირა“ კომპანია ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ დაუკავშირდა და სამართლებრივი დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა კონკრეტულ თემაზე საუბრისგან გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორმა ირაკლი პაპიაშვილმა თავი შეიკავა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები