რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინვაჭრობის დროს, რათა არ დაზარალდეთ – „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარის რეკომენდაცია

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ონლაინვაჭრობის დროს, რათა არ დაზარალდეს – ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება “კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ჩვენ მომხმარებლებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ, თუ, მაგალითად, სოციალურ ქსელში, ამა თუ იმ მოვაჭრესთან, ფიზიკურ პირთან ნივთის შეძენასთან დაკავშირებით კომუნიკაციას იწყებენ, პირველ რიგში, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები მოითხოვონ. მნიშვნელოვანია, მეწარმე იყოს რეგისტრირებული, რომ ჩვენ მისი მიკვლევადობა არ გაგვიჭირდეს. თუ მიკვლევადობა რთულია , ასეთ შემთხვევაში “ქეისის” წარმატებით დასრულება ძალიან ჭირს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც, მაგალითად, “ფეიჯი” საერთოდ გამქრალია Instagram-იდან, Facebook-იდან. ძალიან ხშირ შემთხვევაში თანხას პირად ანგარიშზე არიცხინებენ. შემდეგ ამ მეწარმეების მიმართ გარკვეული პროცესის წარმოება ძალიან რთულია. თუმცა, ჩვენი ძალებით მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი ტიპის შემთხვევები მაინც გვაქვს” – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი ინფორმაციით, სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით შესული განაცხადების, დაახლოებით, 68% ონლაინვაჭრობას ეხება.

“2024 წელს დაახლოებით 700-მდე განაცხადი გვაქვს განხილული, რომლითაც მომხმარებლებმა მოგვმართეს. მომხმარებლებში, ძირითადად, დომინირებენ ქალბატონები. დაახლოებით 70%-ის შემთხვევაში ქალბატონები მოგვმართავენ, 68% ონლაინვაჭრობას ეხება, რადგანაც ონლაინვაჭრობა როგორც ჩვენთან, ისევე სხვა ქვეყნებშიც ძალიან აქტუალურია. ფიზიკური ვაჭრობის დროს თითოეულ ჩვენგანს საშუალება გვაქვს, ნივთი ფიზიკურად ვნახოთ, დავათვალიეროთ, შევაფასოთ, ნაკლი ადგილზე აღმოვაჩინოთ, ან ყველა ის მახასიათებელი შევამოწმოთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ნივთს ონლაინ ვიწერთ, პრობლემატიკა ხშირია, რადგან შეიძლება, აღწერილი იყოს ერთი და რეალურად მეორე მივიღოთ. ამიტომ, სწორედ ამას უკავშირდება, რომ ჩვენთან შემოსული განაცხადების დაახლოებით 68% ონლაინვაჭრობას ეხება. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ითხოვენ თანხის უკან დაბრუნებას, ხელშეკრულებიდან გასვლას, რადგანაც არ სურთ იმ ნივთის დატოვება, რომელიც არ მოეწონათ, ან მოვაჭრესთან მიმართებით ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ, ძირითად შემთხვევებში თანხის უკან დაბრუნებაა ის საკითხი, რომლის განხილვაც გვიხდება, ასევე არის ნაკლიანი ნივთის შეკეთება, ან უკან დაბრუნება. არის ასევე ნაკლიანი მომსახურების მიწოდება და საქონლის მიწოდება არასათანადო ვადებში” – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მოვაჭრისთვის, დაახლოებით, 70 000 ლარამდე ჯარიმაა დარიცხული.

“მიმდინარე წელს დარღვევები გაზრდილია. უფრო მეტი “ქეისია”, სადაც დარღვევა დავაფიქსირეთ. დამრღვევები, ძირითადად, მცირე და საშუალო კომპანიები, ან ფიზიკური პირები არიან, რომლებიც ონლაინ, ძირითადად, სოციალურ ქსელებში ვაჭრობენ. ბევრ ჩვენგანს შეხება აქვს Instagram-ზე, Facebook-ზე სხვადასხვა გვერდთან, რომელიც მაგალითად, ტანსაცმელს, ტექნიკას, თუ სხვადასხვა ნივთს ყიდის. ხშირ შემთხვევაში წარმოიშობა პრობლემები იმიტომ, რომ შემოთავაზებული ნივთი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებითაც მომხმარებელს ამ ნივთის მიწოდებას სთავაზობდნენ. ძალიან ხშირია, როდესაც დაგვიანება ხდება. ყველაზე ხშირად დამრღვევი კომპანია არის თბილისში ძალიან ცნობილი “დილსი”, რომელიც არაერთხელ დავაჯარიმეთ. მიუხედავად არაერთხელ დაჯარიმებისა, ძალიან ხშირად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ეს არის ძალიან არაკეთილსინდისიერი კომპანია, რატომღაც, მომხმარებელიც არ ელევა ამ კომპანიას და ხშირად მოგვმართავენ, კომპანიასთან მიმართებით პრობლემები აქვთ. მიმდინარე წელს დარღვევების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. დარღვევების მინიმალური თანხაა 600 ლარი, მაქსიმუმი ბრუნვიდან გამომდინარე იწყება, 2%-მდე მაჩვენებლით. მიმდინარე წელს, სხვადასხვა მოვაჭრისთვის, დაახლოებით, 70 000 ლარამდე ჯარიმა გვაქვს დარიცხული”, – განაცხადა ლექვინაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები