“სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის, სამონიტორინგე, კვლევითი და ფიზიკური ჩარევები”- გელათის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული რესტავრატორი

“Საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის”  გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“გვსურს აღვნიშნოთ, რომ ასეთ სენსიტიურ და მნიშვნელოვან საკითხზე დაუშვებელია დილეტანტური მოსაზრებების გავრცელება, რომლებიც არ ეფუძნება სათანადო პროფესიულ ცოდნა-გამოცდილებას და არ არის გამყარებული რეალური ფაქტებით.
ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლის, „იუნესკოს“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის, გელათის მონასტრის, რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაციები, რაც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

ამ უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლის მიმართ არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ რეაბილიტაციის პროცესში უშუალოდ ჩართულ კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორს, ლელო ნინოშვილს გაესაუბრა, რომელიც, ამავდროულად, „იკომოს საქართველოს საქართველოს“ წევრიც არის” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, როგორც რესტავრატორმა ორგანიზაციისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, გელათს აქვს თავისი კონკრეტული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დიდი დრო სჭირდება, ძალიან ფრთხილი და გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის, სამონიტორინგე, კვლევითი და ფიზიკური ჩარევები. ამ წუთებში ჩვენთან ერთად იმყოფება საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ორი ძალიან მაღალი რანგის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ექსპერტი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ პროცესი მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტით. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ საერთოდ, კონსერვაციის პროცესი ძალიან კომპლექსურია, მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, დროს და გეგმაზომიერ ქმედებებს. აქამდე ჩვენს რესტავრატორებს ამის საშუალება არცერთ პროექტში არ ჰქონიათ. ის, რაც გელათში ხდება, საქართველოში არასოდეს მომხდარა. აქ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები დამღუპველია. გელათის პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ პროცესი წარიმართოს იმ პრინციპების დაცვით, რასაც საერთაშორისო ქარტიები და დოქტრინები გვეუბნება, რასაც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი მიგვითითებს. შესაბამისად, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ და მივყვებით ამ ყველაფერს. უბრალოდ, შეცდომის დაშვების შესაძლებლობაც კი არ გვაქვს, იმდენად სიფრთხილით ვეკიდებით ყველაფერს და შეკითხვის დასმაც კი – „გელათი დაინგრა?! დაიქცა?! დაიღუპა?!“ – უკვე არასწორია.

მინდა,  საზოგადოებასაც ვთხოვო და მივმართო, რომ ძალიან რთულია ასეთი წნეხის ქვეშ მუშაობა, როდესაც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ხარაჩოზე დგახარ და თან ჩაგესმის ლანძღვა… ძალიან რთულია კონცენტრაცია საქმეზე. ჩვენც ხომ ქართველები ვართ, ჩვენც ხომ გული შეგვტკივა გელათზე და ჩვენც ხომ ვიაზრებთ ამ ძეგლის ღირებულებას?! როგორ შეიძლება, რომ ეს იყოს გადაქცეული ერთგვარ ინსტრუმენტად პოლიტიკურ, ან თუნდაც პიროვნულ საკითხზე? ჩვეულებრივად ვდგავართ და ვემსახურებით იმ საქმეს, რომელსაც დიდი ხანია ვაკეთებთ და რაც ჩვენს პროფესიულ მოვალეობად მიგვაჩნია. იქნება ეს გელათი, თუ თუნდაც რომელიმე სოფლის მცირე ეკლესია, თანაბარი პასუხისმგებლობით მივუდგებით მის აღდგენას.

გელათს აქვს თავისი კონკრეტული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დიდი დრო სჭირდება… ძალიან ფრთხილი და გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ჩვენ კარგად გვესმის აქ არსებული პრობლემები და გამოწვევები. მაქსიმალური სიფრთხილით ვუდგებით ამ საკითხს, როგორც აქაურობას ეკადრება. ჩვენი ამოცანაა, მივუდგეთ ამ პრობლემას, გავუმკლავდეთ მას და შემდეგ ვეცადოთ, შევამციროთ მისი აგრესიული ზემოქმედება, იქნება ეს კედლის მხატვრობაზე, არქიტექტურაზე თუ ზოგადად როგორც ისტორიულ მემკვიდრეობის ძეგლზე.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მე თვითონ „იკომოს საქართველოს“ წევრი ვარ, ახლახან, გელათში იმყოფებოდა „იუნესკოს“ მისია, ამჟამად, სამუშაოებს აკვირდებიან საერთაშორისო საბჭოს წევრები და ჩვენც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მათთან. როგორც კი ისეთი საკითხი წარმოიშობა, რაც ადგილობრივ დონეზე ვერ წყდება, მათ მივმართავთ, სწორედ ამიტომაა ეს მექანიზმი, რომ მუდმივად სწორი გეზი გვქონდეს.

ერთი მხრივ, კარგია, რომ საზოგადოება ღელავს, კრიტიკასაც მივიღებთ და რჩევასაც, ღია ვართ ამისთვის, მხოლოდ, ეს უნდა იყოს მოწოდებული და ჩამოყალიბებული ცივილური ფორმით და არა – ისტერიული ბრალდებებით,“ – განაცხადა რესტავრატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები