გიორგი კახიანი: ე.წ. ქარტიით, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პრემიერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური ოპოზიცია, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს“.

მისივე თქმით, ქარტია, პოლიტიკურადაც და სამართლებრივად, არის სრული აბსურდი.

„რაც შეეხება მის ბოლო ვოიაჟს ევროპაში, არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემაზეც გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა მას. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ე.წ. ქარტიაში, რომელიც მან შესთავაზა „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ და მათაც დიდი სიამოვნებით ხელი მოაწერეს ამას, პრინციპში, პირდაპირ წერია ყველაფერი იქ. იქ წერია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოახდინოს მთავრობის შემადგენლობის შერჩევა, მაშინ, როდესაც რეალურად პრეზიდენტის კომპეტენცია ეს არანაირად არ არის. ამას მოაწერეს ხელი ამ ოპოზიციურმა პარტიებმა და მხარი დაუჭირეს ამ იდეას. არადა, დღეს რაღაც მოვისმინე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამის წინააღმდეგი ყოფილა და არ მოსწონთ პრეზიდენტის ასეთი აქტიურობა.

ზოგადად, ეს ქარტია, გინდაც პოლიტიკურად შევხედოთ, გინდაც სამართლებრივად, არის სრული აბსურდი. ამ ქარტიის მიზანი რა არის. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მოტყუება და რა თვალსაზრისით. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური ოპოზიცია, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ასეთ რაღაცას სთავაზობს საზოგადოებას, რომ მოდით ახლა იმათ მხარი დაუჭირეთო, ოღონდ სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთი წლით არჩეული პარლამენტი იქნებაო. ანუ, რეალურად იმათ კი არ უჭერთ მხარსო, არამედ, თითქოს რაღაც ევროპულ იდეას უჭერენ მხარს. ხვდება პრეზიდენტი რამდენად დისკრედიტებული და სრულიად არარეიტინგული ოპოზიციაა. ეს ქარტიაც ერთ-ერთი ამის აღიარებაა. ერთი წლის შემდეგ ახალ არჩევნებს ჩავატარებთო. ყველა თვალსაზრისით, ეს დიდი აბსურდია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები