გიორგი ბარამიძე: თურმე, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე, ფაქტობრივად, უნდა “დანიშნოს” მომავალი პრემიერ-მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ მორჩილად მოიწონოს – ქართულ ქარტიაში ასე არ წერია, ამგვარი ინტერპრეტაცია არაა ის, რაზეც პარტიები შევთანხმდით
“მინდა ვიყო მკაფიო, სალომე ზურაბიშვილის იმ სურვილთან დაკავშირებით, რომ თურმე მან არჩევნებამდე უნდა, ფაქტობრივად, “დანიშნოს” მომავალი პრემიერ-მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად მოიწონოს”, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ქარტიაში მსგავსი არაფერი წერია, შესაბამისად, ეს ზურაბიშვილის წარმომადგენლის, ეკა ბესელიას ინტერპრეტაციაა და არა ის, რაზეც პარტიებმა ხელი მოაწერეს.
ბარამიძის თქმითვე, არასწორი და მიუღებელია ზურაბიშვილის მხარდამჭერების მხრიდან
“ნაცმოძრაობის” მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა იმის გამო, რომ ისინი ქარტიის ტექსტის ინტერპრეტირებას არ აპირებენ.
“მინდა ვიყო მკაფიო, სალომე ზურაბიშვილის იმ სურვილთან დაკავშირებით, რომ თურმე მან არჩევნებამდე უნდა, ფაქტობრივად, “დანიშნოს” მომავალი პრემიერ-მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად მოიწონოს.
თურმე, ეს წერია ქარტიაში, ამაზე დღეს “ტვ პირველის” ეთერში საუბრობდა, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, ქალბატონი ეკა ბესელია.
ეს ქართულ ქარტიაში ასე არ წერია და მისი ამგვარი ინტერპრეტაცია, სწორედაც ქალბატონი ეკას (და ალბათ სალომესიც) ინტერპრეტაციაა და არა ის, რაზეც პარტიები ქარტიის ხელმოწერით შევთანხმდით.
მეორე, რა დროს ახლა თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარია?
ჯერ ჩვენ ყველამ ერთად და ერთიანობით მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი უნდა ხელისუფლებიდან მშვიდად გავუშვათ.
ხალხმა პარტიებს უნდა მიანიჭოს მათი მხარდაჭერის შესაბამისი პოლიტიკური მანდატი.
მხოლოდ ამის შემდეგ, ქარტიის ტექსტის ზუსტი შესაბამისობით, სალომე ზურაბიშვილის და სხვების მონაწილეობით, ხალხის შესაბამისი მანდატით აღჭურვილი, საპარლამენტო ახალი კოალიციური უმრავლესობა ჩამოაყალიბებს ახალ (გარდამავალ) მთავრობას, სადაც იქნებიან პატრიოტი პროფესიონალები, მათ შორის, უპარტიოებიც.
ამიტომ, ახლა ამ თემაზე მსჯელობა და ხალხის ყურადღების, ნაცვლად რეჟიმის გასტუმრებისა, თანამდებობების გადანაწილებაზე, ყურადღების გადატანა ძირშივე მცდარი და არასწორი მგონია.
ამასთან ერთად, ყველას გავახსენებთ, რომ ენმ ამომრჩეველს – ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნდობის პოლიტიკური მანდატი (მოგეხსენებათ) არასდროს მიუცია, მით უფრო იმ სამწუხარო გარემოების გათვალისწინებით, რადგან იგი ჯიუტად არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან, პუტინის პირად ტყვეს პრეზიდენტ სააკაშვილს არ ათავისუფლებს.
უკაცრავად და, მაგ ქართულ ქარტიაში ის წერია, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები უნდა ჰყავდეს?
პოლიტიკური პატიმრებით უნდა ჩატარდეს სამართლიანი და ევროპული სტანდარტის არჩევნები?
პოლიტიკური პატიმრებით გვინდა ევროკავშირში შესვლა?
მიშა არაა პოლიტიკური პატიმარი?
რა გააკეთა ქალბატონმა სალომემ (დე ფაქტო პრეზიდენტმა) მისი უფლებამოსილებების ფარგლებში, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები თავისუფალნი იყვნენ? – სამწუხაროდ არაფერი.
ასევე, შევახსენებ ყველას, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველა კომპეტენტური გამოკითხვით, მიშას გათავისუფლებას მხარს უჭერს ქართველი ხალხის საკმაოდ დიდი უმრავლესობა.
ასევე ასობით ათასმა ჩვენმა თანამემამულემ ხელმოწერები შეაგროვა და ქალბატონ სალომეს (როგორც დე ფაქტო პრეზიდენტს) მიშას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ქალბატონი სალომეს რეაგირება სამწუხაროდ იყო ნული.
ქალბატონ სალომეს, მიშას გათავისუფლების მოთხოვნით აგრეთვე მიმართა, უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვასა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, მისი რეაგირება იყო ნული.
ამასწინ პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღებაზე, ქალბატონ სალომეს პირადად ვესაუბრე და ვუთხარი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება არის მისი უფლებაც და მოვალეობაც. მისი რეაქცია იყო ნეგატიური.
ახლახან კი ევროპის ყველაზე დიდმა პარტიამ – სახალხო პარტიამ, მათ შორის ეუთოს ფორმატშიც, ლიბერალთა პარტიამაც პრეზიდენტ სააკაშვილის “უპირობო და დაუყოვნებელი” მოთხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ნაწილიცაა ქალბატონი ზურაბიშვილი, ამაზეც მისი რეაქცია იყო ნული.
ასე რომ ქალბატონი ზურაბიშვილის პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ენმ-ს მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქარტიის ტექსტის ისეთ ინტერპრეტირებას როგორც მათ აწყობთ და ესმით, და არ ვაპირებთ მათი პოლიტიკური გეგმების შესაბამისად მოქმედებას, არის არასწორი და მიუღებელი. სადაც გაწყობთ ქარტიის თქვენებურად ინტერპრეტირება იქ იშველიებთ ქარტიას და სადაც არა აღარ გახსოვთ ელემენტარული და ფუნდამენტური საკითხები. ასე არ გამოვა. არავის მივცემთ უფლებას ქოცების საამებლად, რაიმე სახის ან ამბიციების დემონსტრირებისა და ან კინკლაობაში ჩაგვრთოს.
ყველას მოვუწოდებთ ამბიციები უკანა პლანზე გადავდოთ და ვკონცენტრირდეთ მართლაც ჩვენი ხალხისთვის უმთავრესზე – მოღალატეთა რეჟიმის 26-ში ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვებაზე!
ერთიანობით გავიმარჯვოთ და შემდეგ ქართველი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესაბამისად, პასუხისმგებლიანად, საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხისადმი და ერთმანეთისადმი (ქართული ქარტიის ჩათვლით) დადებული პირობების შესაბამისად გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება და მოემსახურება.
დიდება საქართველოს!
თავისუფლება მიშას!”, – წერს გიორგი ბარამიძე.