თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ჩანს, უცხოეთში ამ ოპოზიციას აღარ ენდობიან და საკუთარი არასამთავრობოებით პოზიციების გამყარება სურთ, ტექნიკური მთავრობის იდეაც აქედან გამომდინარეობს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„თუკი დღემდე პრეზიდენტიც და მათი დამკვეთებიც ოპოზიციურ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდნენ, მათ ეს შეცვალეს ტექნიკური მთავრობით”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ ოპოზიციის მიმართ დასავლეთის ნდობა შეირყა, სწორედ ამიტომ ისინი პოზიციებს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით იმყარებენ.

თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, ოპოზიციისგან სამთავრობო კოალიციის შექმნა წარმოუდგენელია. მისი თქმით, უცხოელები ახლა დილემის წინაშე დგანან, ებრძვიან „ქართულ ოცნებას”, თუმცა იციან, რომ ოპოზიციის დახმარებით ეს შეუძლებელია. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ უცხოელების განცხადებებში არჩევნებზე მოსალოდნელი მარცხი იგრძნობა.

“დასავლეთმა კარგად იცის, რომ ამ ოპოზიციით არჩევნებს ვერ მოიგებს და კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნიან, ამიტომ ქუჩის ასარევად და თითქოსდა, შემდეგ ამ არეულობის დასამშვიდებლად, შემოიტანეს ტექნიკური მთავრობის იდეა. გარდა ამისა, ამ იდეაში, უფრო მეტად, სხვა რამ იმალება.

თუკი დღემდე პრეზიდენტიც და მათი დამკვეთებიც ოპოზიციურ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდნენ, მათ ეს შეცვალეს ტექნიკური მთავრობით. კოალიციური მთავრობა სამართლებრივი ფორმაა და მასში მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტები შედიან. ტექნიკური მთავრობა კი მხოლოდ პოლიტიკური აქტია და მასში გარდა პოლიტიკოსებისა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან. როგორც ჩანს, ამ ოპოზიციის მიმართ დასავლეთის ლობისტების ნდობა შეირყა და სურთ, პოზიციები მათივე მონასავით ერთგული არასამთავრობოებით გაამყარონ.

ოპოზიციური გაერთიანებები ნამდვილად ეკლექტურია და ამათგან ერთი სამთავრობო კოალიციის შექმნა წარმოუდგენელია, თავიანთ ოცნებებში კიდეც, რომ გაიმარჯვონ. ეს კოალიცია აუცილებლად დაიშლება და პოლიტიკური კრიზისი შიგნით შეექმნებათ. პრეზიდენტმა ეს ყველაზე კარგად იცის. ამ ხნის მანძილზე ის ისმენდა ოპოზიციის ამბიციებს და ვერ შეძლო, თუნდაც საერთო გამარჯვებისთვის, მთლიანი ოპოზიციის გაერთიანება.

მოკლედ, დასავლეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა დიდი დილემის წინაშე დგას. ებრძვიან ოცნებას, მაგრამ კარგად იციან, რომ ამ ოპოზიციით მათი მიზნების მიღწევა შეუძლებელია საქართველოში. ვნახოთ, კიდევ რა “პოლიტიკურ ინოვაციას” შემოგვთავაზებენ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. ფაქტია, მათ ყველა გაჟღერებულ იდეაში არჩევნებში მარცხის განწყობა იგრძნობა,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები