სალომე ზურაბიშვილი: ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში რუსეთთან თანაარსებობას

,,ჩვენ მონეტის მეორე მხარეს ვართ, მაშინ როდესაც უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, ჩვენ განვიცდით აგრესიის სხვა სახეობას, რომელიც არის ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა, ყველა სახის ზეწოლა, შიში, რომელიც გამოიყენება, წნეხი. ჩვენ გვაქვს ეს „რუსული კანონი“, რომელიც ახლა მოქმედებაშია მოსული და ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, მის აკრძალვას და სწორედ ეს დგას საფრთხის ქვეშ ამ არჩევნებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში არანაირი სახის თანაარსებობას რუსეთთან და რომ ეს არ მუშაობს.

„მჯერა, რომ არჩევნების მომენტისთვის ქართველი ხალხის ნება გადააჭარბებს ამ საფრთხეებს, რომლებიც ძალიან რეალურია. არ შემიძლია მათი დაკნინება, ისინი ძალიან რეალურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალის, რომელმაც გაიარა ძალიან ბევრი ზეწოლა, შიში და ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად, დარწმუნებული ვარ, ამასაც დაძლევს.

საქართველოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რუსეთთან დაკავშირებით 2014 წლამდე, 2008 წლამდეც – ეს დაიწყო 1921 წელს, იგივე განმეორდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს. ასე რომ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში არანაირი სახის თანაარსებობას რუსეთთან და რომ ეს არ მუშაობს. არიან ადამიანები, ვინც მსგავს პოლიტიკას უჭერს მხარს, თუმცა ეს ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფია, რომელიც უფრო მეტად ხელისუფლების გარემოცვას წარმოადგენს პრივილეგიების, კორუფციის, ზეწოლის, კომპრომატების გამო. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ვხედავთ რუსული modus operandi-ს განმეორებას და რუსული კანონი სწორედ ამის ნიშანია. იმის გამო, რომ ხელისუფლებას აღარ შეუძლია მხარდამჭერების მობილიზება, ცდილობს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, სხვადასხვა კანონის გამოყენებით საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, თუმცა კვლავ, დარწმუნებული ვარ ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისთვის, თუ სად არის ჩვენი მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები