სალომე ზურაბიშვილი: თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას

თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მისი შვილის, ქეთევან გორჯესტანის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს ბრიფინგს ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, „თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება“, ხოლო ემიგრანტების „უზარმაზარ ჯარს“ რას ვეუბნებით.

„თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენს გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება!!!! და სხვას? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? – დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს, ვერც გამოასწორებთ!

და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!!!!!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ცესკოში განმარტეს, თუ რატომ არ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში პრეზიდენტის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი და აღნიშნეს, რომ ის საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები