ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში

მოგესალმებით, კახელებო, გილოცავთ ალავერდობას!

მივესალმები თელავს, გურჯაანს, ახმეტას, ყვარელს, სიღნაღს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს!

მივესალმები აქ მცხოვრებ თუშებსა და ხევსურებს, მივესალმები პანკისელ ქისტებს, ჩვენს აზერბაიჯანელებს: ყარაჯალელებს, იორმუღანლოელებს, კაბალელებს; მივესალმები კახეთის მიწაზე მცხოვრებ ჩვენს სომხებს.

მოგესალმებით პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს!

კახეთი, ჩვენი ქვეყნის ეს დალოცვილი კუთხე, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც!

საუკუნეების განმავლობაში, ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას, გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.

დღეს რომ საქართველო ცოცხალია და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ამაში თქვენი ლომის წვლილია.

ისტორიულმა ქარტეხილებმა კახელებს მებრძოლი სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ, მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით, კახური მრავალჟამიერივით ძარღვიან, ღირსეულ ქალებად და კაცებად!

„მამული, ენა, სარწმუნოება – სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ – წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი, ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის ბრძოლას და მათ კეთილდღეობას მიუძღვნა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის – ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი არც ნაკლები – საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა, უცხოელ პატრონებთან ერთად, ისინი პირიქით მოქმედებდნენ – ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს, მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები.

ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის – ვაზისა და ქართული ღვინის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია, თანაც სად?! ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია. სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში, გაუთავებელი ომების ქარ-ცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა – ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი!

თუკი კახელი და ზოგადად, ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება გინდა, მისი იდენტობის ამ ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უხეშად უნდა შეეხო. ყველაზე კარგად ეს იმ ხალხმა იცის, ვინც დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს წარმოადგენს და ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ, შეურაცხმყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს.

შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა… აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა.

ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ქართველ კაცს, მითუმეტეს კახელს, ვაზის მოვლაზე აეღო ხელი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაცილებით უარესიც შეძლო – ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს.

უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისზეა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა!

ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა! დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას.

ამ დანაშაულის უგულებელყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება.

სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

გარდა ამისა, ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული.

დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!

ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში გახვევაა?!

ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვევთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი, ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არცერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი, რადგან ნიჭიერ, გამრჯე ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის – სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება, მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

თავს ვიწონებთ იმით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, კახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, ვაშენებთ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებს და აეროპორტს, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი. უძველესი ისტორიის, კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე კახეთი საოცრად მიმზიდველი გახდა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამ კუთხის ტურისტული პოტენციალი არნახულად გაიზარდა.

რთველის შემდეგ კახელები წლის მოსავალს ლოცავთ. ყოველივე ზემოთქმული, რაზეც ვისაუბრე, მათ შორის ის, რომ დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია, ის რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, ის რომ ერთად ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი და დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, თავისუფლად ვცხოვრობთ, სწორედ ის საშვილიშვილო მოსავალია, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. მოსავალი, რომელსაც მოვუარეთ, ვზრდიდით და მის შედეგებს, კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით, დღეს საკუთარ თავზე ვიმკით.

ამ ყველაფერს ჩვენი შრომით, ერთად, მივაღწიეთ და რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ!

მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, ამავდროულად კი საბოლოოდ დავასრულებთ სხვადასხვა, მათ შორის, უცხოური ძალების მიერ ჩვენი მოსახლეობისთვის ფსევდო-ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!

დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც – კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!

ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!

დასასრულს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში – მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ!

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს, სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტი, როგორც დღემდე, შემდგომშიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება!

თქვენი, კახელების ხმა კოსმოსში ისმის და დარწმუნებული ვარ, ხმამაღლა გაისმება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც ქუდზე – კაცი გამოხვალთ და უალტერნატივო არჩევანს გააკეთებთ: ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.

კახელები პირდაპირი ხალხი ხართ, მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ გიყვართ, ამიტომ მეც პირდაპირ გეტყვით – 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროთ მხარი! მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, მისი სახელით უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! მრავალჟამიერ ისმოდეს ჩვენი კეთილი, უტეხი ხმა ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში!

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები