შალვა პაპუაშვილი: ყველას უნდა გავაგონოთ – 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ; 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ; 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ

ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, თუ ამ ტრადიციებს ,,ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, როგორც ერთხმაგამოკლებული კახური მრავალჟამიერი.’’

,,ოპოზიცია სწორედ ამ გზას ადგას – ქვეყანას აცლის ეროვნულობას, ერს აცლის რწმენას და პიროვნებას აცლის იდენტობას. აღარ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, რას ნიშნავს კაცობა და ქალობა. ამიტომ შეგვიგინეს ერეკლე მეფე, ამიტომ წაგვიბილწეს ღვინო, ამიტომ შეურაცხყვეს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ, რომ მერე თავად გვითხრან სად ვილოცოთ და რა დავიფიცოთ. ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამას გვპირდებიან ძალაუფლების დაბრუნების შემთხვევაშიც. 26 ოქტომბერს, კახელებმა და საქართველოს ყველა კუთხის შვილებმა ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ და შინ და გარეთ ყველას უნდა გავაგონოთ, რომ 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ; რომ 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ; რომ 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ ახლა სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ, ერთ ქართულ ლაშქრად უნდა შევიკრათ. არა ხმლით, არამედ ხმით. იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორიაა ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომად შეაფასებდა

გახსოვთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან, შინაურები თუ გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგვეტანებინა,‘’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებაში მაგ დროს დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო, როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს, ისე ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავ-თეთრი რეალობა.

,,ომის შავ-თეთრი რეალობა დაგვებრუნებინა, ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორიაა ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომად შეაფასებდა. მაშინ, ჩვენს მტერ-მოყვარეთა რჩევებს არ დავუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ, ქართველ ხალხს. წარმოიდგინეთ, იმ დროს ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. ხომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ, ისე აჰყვებოდნენ სანქციებს, ემბარგოებს, ესკალაციის ყიჟინას; და როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს, ისე ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავ-თეთრი რეალობა. და რას ვეტყოდით ჩვენს შვილებს, რატომ დავუნგრიეთ მომავალი? რას ვეტყოდით ხალხს, ვისი ცხოვრებაც წამში პირს იცვლიდა? ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? იქნებ დღევანდელი ოპოზიცია, ომის დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოსახლეობა ბრძოლის ველზე რომ მიატოვა და ქვეყნიდან გაქცევაში ვერავინ აჯობა? თუ მათი გარე მეგობრები? ჩვენმა და სხვების ომებმაც გვასწავლა, რომ ჩვენს საომარს სხვა არავინ იომებს; და რომ ჩვენს მისახედს სხვა არავინ მიხედავს. ამიტომ, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლებაა ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უნდა ვთქვათ 26 ოქტომბერს: გვინდა ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს ხალხს, თუ ხელისუფლება – რომელიც უსმენს და უჯერებს სხვას?,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები