თვალსაჩინო პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა

მწერალთა სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თვალსაჩინო პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი. მწერალთა სახლი თანაუგრძნობს გივი შაჰნაზარის ოჯახს და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
„გივი შაჰნაზარი დაიბადა 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).
პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომები: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). გივი შაჰნაზარმა ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების − გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, ლექსები. შაჰნაზარი არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი, მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზუთუნცინიანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და თბილისის ერთგულების ორდენით (2000). ასევე გახლავთ პრემია „საგურამოს“ (2012) და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის (2020) ლაურეატი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები