ბექა ოდიშარია: ჩემთვის გაუგებარია გარედან დასანქცირება იმის გამო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოქმედება პოლიტიკურ გემოვნებაში ან დაფარულ ინტერესში არ ჯდება
“ჩემთვის გაუგებარია გარედან დასანქცირება იმის გამო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოქმედება პოლიტიკურ გემოვნებაში ან დაფარულ ინტერესში არ ჯდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი კაცი უსამართლობას ვერ აიტანს.
”არ მინდა, ვიფიქრო, რომ პოლიტიკაშიც და პარტნიორობაშიც ძალა აღმართს ხნავს, რადგან, სხვა შემთხვევაში, სანქციების დაწესება რა დამოკიდებულებაა სუვერენული ქვეყნის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, მათ შორის ძალოვნების მიმართ? რაიმე პრეტენზია თუ არსებობს, ამას სისხლის სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდონ, დამნაშავეები დაისაჯონ. ჩემთვის გაუგებარია გარედან დასანქცირება იმის გამო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოქმედება პოლიტიკურ გემოვნებაში ან დაფარულ ინტერესში არ ჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მოვუწოდებ და მივანიშნებ, ქართველი კაცი ყველაფერს იტანს, უსამართლობისა და ჩაგვრის გარდა. შესაბამისად, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებში დამკვიდრებული ნუ იქნება ის, რაც მიუღებელია, რომ ძალა აღმართს ხნავს“, – განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.