ჭურვის შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

პროექტმა „მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის (ახიელი, საქართველო) რეაბილიტაცია“ „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო –  European Heritage Award / Europa Nostra Award 2024 მიიღო, რომლის ერთ-ერთ თანადამფინანსებელს ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი შრომის შედეგია.

“ეს დიდი მიღწევა და აღიარება, რომელიც ქართველი და ევროპელი პარტნიორების თანამშრომლობის შედეგია, ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში საზოგადოების მონაწილეობის უდიდეს მნიშვნელობას.

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, კერძოდ ‘მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების’ კატეგორიაში ევროპის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

ამ მიღწევის აღსანიშნავად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის რეზიდენციაში საგანგებო ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიკოლას სენდროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული სხვა მოწვეული სტუმრები, რითაც ხაზი გაესვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

„ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას. კერძოდ, ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას საქართველოს შემოქმედებითი დარგების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირისაკენ, რომ ერთ დღესაც საქართველოს არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი გახდება და ჩვენ მის შენარჩუნებასა და დაფასებას მსგავსი პროექტებით გავაგრძელებთ“. – ნიკოლას სენდროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი.

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი შრომის შედეგია. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation (INTO), გაერთიანებული სამეფო), “რამპართან” (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (Ducal Tower in Siedlecin, პოლონეთი) მჭიდრო თანამშრომლობით და საერთაშორისო ფონდ “ალიფის” (ALIPH Foundation) ფინანსური მხარდაჭერით.

30 მაისს ევროკომისიამ  და „ევროპა ნოსტრამ“ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი 18 ქვეყნის მიერ წარდგენილ 26 გამორჩეულ გამარჯვებულ პროექტს შორის დაასახელა. კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსმა (ALIPH) პროექტს გრანტის სახით ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა. საქართველომ 157,290 აშშ დოლარი მიიღო, საიდანაც დაახლოებით 34,000 აშშ დოლარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაში აქტიურად ჩართულ ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდა.

„ევროპა ნოსტრას“ კონკურსის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ჩართულ და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ მისცენ ხმა პროექტებს, რომელთა შორის გამარჯვებული „საზოგადოების არჩევანის“ 2024 წლის პრიზს – 10,000 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს. ხმის მიცემა 22 სექტემბრამდე გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები