გურამ კაშია: წარმატება, რაც გვქონდა, გვერდით უნდა გადავდოთ და აუცილებლად ახალი მუხტით ვითამაშოთ
ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ვფიქრობ, ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ვფიქრობ, ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ და აი, მანდ შეცდომა არ უნდა დავუშვათ, პირიქით. ეს წარმატება, რაც გვქონდა, გვერდით უნდა გადავდოთ, უნდა გვახსოვდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თამაშები აუცილებლად ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ“, – აღნიშნა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს კი, ტირანაში, საქართველოს მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.