ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაცია კარგად ხედავს იმას, რომ საქართველო არათუ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებითაც წინ არის
მმართველი გუნდის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პროგრესის შესახებ ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა.
„ნებისმიერი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ საქართველო არათუ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებითაც წინ არის, როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, ასევე დაბალი კორუფციის მაჩვენებლებით, დემოკრატიული განვითარებით და ა.შ. ეს არის ყველასთვის ნათელი და ჩვენ ამის შესახებ უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. ძალიან კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ევროპული მიუკერძოებელი ორგანიზაცია ამას აღიარებს“, – აცხადებს სამხარაძე.
ცნობისთვის, ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ბევრ სფეროში უსწრებს, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ჭიანურდება.