„გამჭვირვალობის კანონის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვისგან მოდის დაფინანსება და რაში გამოიყენება” – მიქანაძე
„გამჭვირვალობის კანონის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვისგან მოდის დაფინანსება და რაში გამოიყენება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“რეალურად, ამას ეწინააღმდეგებიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც კანონის დაინიციირების დღიდან დღემდე ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მთელი მათი კამპანია აგებული იყო იმაზე, როგორმე კანონის დისკრედიტაცია მოეხდინათ და საზოგადოების თვალში დამაბრკოლებელ გარემოებად წარმოეჩინათ გნებავთ ევროინტეგრაციის გზაზე, გნებავთ დემოკრატიული პროცესების კონტექსტში.
არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაჩნდა ქართულ სივრცეში, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან და მათ მიიღეს გარე წყაროებიდან საკმაოდ მაღალი დაფინანსებები და ახორციელებენ იგივე საქმიანობას, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. ეს არის ირიბი დაფინანსება და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ამის პრევენციისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოება კარგად ყოფილიყო ინფორმირებული და არ ყოფილიყო იმ სიცრუის ტირაჟირების მსხვერპლი, რასაც ესენი ახდენენ, იყო მნიშვნელოვანი ამ კანონის მიღება, რომელიც ავალდებულებს კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომ წარმოადგინონ ინფორმაცია წყაროზე, კონკრეტულ აქტივობებზე, რაში გაიხარჯა თანხები. ზუსტად ამის დამალვას ცდილობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე ამბობენ, რომ არ დარეგისტრირდებიან ნებაყოფლობით რეესტრში, რომელიც ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უვნებელია. ეს არის რეესტრი, რომელიც საზოგადოებას მოგვცემს ელემენტარულ ინფორმაციას ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ”, – განმარტა მიქანაძემ.