“თითქოს ჩვევად იქცა საქართველოს ხელისუფლების თავდაუზოგავი კრიტიკა და მოთხოვნა, გადადგას ნაბიჯები სხვისი გაფუჭებულის გამოსასწორებლად” – ბოჭორიშვილი

“თითქოს ჩვევად იქცა საქართველოს ხელისუფლების თავდაუზოგავი კრიტიკა, უსაფუძვლოდ ან შელამაზებული საფუძვლებით, პარტნიორულ ურთიერთობებში კრიზისების შექმნა და შემდგომ ისევ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოთხოვნა, გადადგას ნაბიჯები სხვისი გაფუჭებულის გამოსასწორებლად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, წარსულის დავიწყება დღეს შეცდომაა.

“პირიქით, ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ ყველა ის მოვლენა, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში მოხდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და კარგად ვიცოდეთ რა იყო:

„ISFED-ის შეცდომა“, რომელმაც ქვეყანაში 2020 წელს ე.წ. პოლიტიკურ კრიზისს დაუდო საფუძველი; ე.წ. მთავარი, „ძირძველი“ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ახლა რომ „ახალი“ ჰქვია პოლიტიკაში, საპატიმროდან გამოხსნის თავგადასავალი; ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია, რომელიც ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გახდა საჭირო; შარლ მიშელის ე.წ. შეთანხმება, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოქმედი მხარე აკლდა, მაინც შეთანხმება ეწოდა და მისი გარდაუვალი, სამართლიანი გაუქმება, რომელიც ისევ „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გამოიყენეს;მიხეილ სააკაშვილის „რძისფერი დაბრუნება“, და „თავისუფლება მიშას“ სერიალი სრული დრამატიზმით. რუსეთის ომი უკრაინაში, რომლის დაწყებისთანავე საქართველო გახდა კრიტიკის სამიზნე. ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა ევროპაში, ყველაზე დაუცველი და დღესაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აღმოჩენილიყო, მის ხელისუფლებას, ფაქტობრივად, მარტო უწევს მოქმედება, რათა ქვეყანაში დაიცვას მთავარი, მშვიდობა; ევროკავშირთან ურთიერთობების გამოყენების მცდელობები დესტრუქციული მიზნებისთვის; პარტნიორებს შორის ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვება ბუნდოვანი ახსნებით და მოთხოვნებით; საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო კანონის სტიგმატიზება, კარგად მომზადებული, ძვირად ღირებული კამპანია „არა რუსულ კანონს“ და პარტნიორების კრიტიკის ქარცეცხლი, რომელსაც თურმე, როგორც პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ორგანიზაციამ „სირცხვილიამ“ აღიარა, საფუძველიც არ ჰქონია”, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები