მამუკა მდინარაძე – კრამერის განცხადებაზე: ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ
წინასაარჩევნოდ გარედან ძალიან ბევრი ჩარევა იქნება, ომის პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები შიგნით თუ გარეთ შეეცდებიან, საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “დევიდ კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი რომ დემოკრატიის შუქურაა და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს”.
„კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი რომ დემოკრატიის შუქურა არის და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს. რამდენად სერიოზულია და რამდენად ადეკვატურია ეს ყველაფერი, საზოგადოება კარგად განსჯის ყველა შემთხვევაში. მაგრამ ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ჩარევა გარედან. ომის პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები შიგნით თუ გარეთ შეეცდებიან, რომ საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა. ჩვენი ოპონენტები თავის მხრივ, ეს გულმხურვალე აგენტურა, შეეცდება, რომ მაშველი რგოლი ყველა შემთხვევაში კარგად გამოიყენოს ხოლმე, მაშველი რგოლი, რომელიც გარედან იქნება გადმოგდებული, ასევე ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველო არასდროს დაუშვებს იმას, რომ ასეთი უხეში ჩარევების მიხედვით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება საქართველოში. საქართველოში, ხაზგასმით ვამბობ, გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.