“ფოტიგა საკუთარმა მოსახლეობამ არ აირჩია, ახლა მას ბევრი დრო აქვს და მოგზაურობს” – ზარქუა
“ფოტიგა საკუთარმა მოსახლეობამ არ აირჩია. ახლა მას ბევრი დრო აქვს და მოგზაურობს. რატომაც არა, ულამაზესი ქვეყანა გვაქვს – ხან აქ შემოირბენს, ხან იქ შეირბენს, თან უფინანსებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს ხელისუფალი, რომელიც ცალ ფეხზე არ დგას. ვართ ღირსებით, ქართველი ხალხის მანდატითა და მხარდაჭერით. ამიტომ, არასწორს არავის არაფერს არ გავუტარებთ. ეს კინო ნანახი გვაქვს – ყოველ არჩევნებზე ერთი და იმავე სახეები, დაფინანსებით, მუხტითა და შეძახილებით მოდიან. მგონი, ერთმანეთს ამხნევებენ. ქართველ ხალხთან საერთო არაფერი აქვთ მათ, მათ, ვინც დახვდათ – ლომჯარია, გიგაური და დანარჩენი უსამშობლოები ქართველი ხალხი არ არიან, ესენი არიან მათი დაკვეთით ცალ ფეხზე მოცეკვავე ხალხი. ასე რომ, სულ ტყუილად ირჯებიან. იმ უსაქმურობას, რასაც აკეთებენ, ვურჩევდი, ნახონ ჩვენი ქვეყანა, ჩავიდნენ რეგიონებში, ხალხს გაესაუბრონ. მათ შორის ჰკითხონ იმაზეც, საქართველოში მილიონობით დაფინანსება რომ შემოდის და არასამთავრობო სექტორს რომ აფინანსებენ, ხალხი კმაყოფილია თუ არა და ეს ფინანსები მიდის თუ არა ადრესატამდე. იმისთვის, რომ შეიგნონ და გაითავისონ ქართველი ხალხის ბუნება, შემიძლია, ეს ხალხი საღამოს, ქართულ და ტრადიციულ სუფრაზე დავპატიჟო, სადაც მოუსმენენ ქართველ გლეხს, რომ ღირსებასა და თავისუფლებას არაფერი სჯობს. ამ ალქაჯების გაერთიანებისთვის ტყუილად იხარჯება დრო და ფული. საღამოს რვა საათისთვის თუ შემომეხმიანებიან, კაი ოციანს და მაგარ სუფრას დავახვედრებ, სადაც ქართულ გენზე, სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის და მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე, ამ ქვეყნის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გავესაუბრებით, ამას ჩვენი მოქალაქეები ეტყვიან. შემდეგ, იქნებ გაითავისონ და გაითვალისწინონ, რომ ამ ქვეყანას თითის ქნევით არ უნდა დაელაპარაკონ, თორემ მიიღებენ იმ შედეგს, რომ მხოლოდ ლომჯარიები და გიგაურები იქნებიან მათი მასპინძლები“, – განაცხადა ზარქუამ.