მიხეილ ხიდურელი: კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით გაეშვა და პირველი 5 ემისიის თანადაფინანსება უკვე მიმდინარეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი „ჭავჭავაძის 64ბ“-ს მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას ეხმაურება, რომელიც თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს ახალი მიმართულებაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და უკვე 12 განაცხადია შემოსული. თორმეტივე განაცხადის ფარგლებში გამოსაშვები ობლიგაციების სავარაუდო მოცულობა ლარში ჯამურად 545 მილიონს შეადგენს. დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 5 ემისიის თანადაფინანსება, დამატებით 5 კომპანიასთან კი ვაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ხიდურელმა.
მისი თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელიც კომპანიებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ახალ გზებს უხსნის.
„პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.