“ის, რაც ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ხდება, უკვე კომიკურ ჟანრში გადადის და მათზე მხოლოდ “შაყირი” შეიძლება” – ნანა კაკაბაძე
“პოლიტიკური მარაზმი! „თავისუფლების ინსტიტუტს“ გუშინ აღმოუჩენია „სენსაციური“ ინფორმაცია, თურმე, ქართულ ჯარს რუსული ზეთით დამზადებული საკვებით კვებავენ და თურმე ამ აღმოჩენით საბოლოოდ „ჩამოხადეს ნიღაბი“ ქართული ოცნების „რუსეთუმეობას“, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ტვ-1-მა (იგივე „ლელოვიზიამ“) ყველას დაასწრო და შეეცადა, რომ „ნიღბის ჩამომხდელის“ სტატუსს მშობლიურ პარტიას ვერავინ შეცილებოდა, სასწრაფოდ დაამწკრივა ქართული პოლიტიკის 2 ვარსკვლავბიჭუნა-ალეკო ელისაშვილი, ლევან სამუშია და ამ “გამოჩენილ პატრიოტ” “პოლიტიკოსებს” შეაფასებინა ეს „ამაზრზენი“ ფაქტი. მათაც 3-4 წუთიან სიუჟეტში მოასწრეს და ეს “გაუგონარი” ამბავი შეაფასეს როგორც
მარაზმი, ამაზრზენი, უღირსობა, ამორალური, გამაოგნებელი, შეურაცხმყოფელი, უკადრებელი, მიუღებელი და ა. შ., რის გამოც 26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შევცვალოთო.
„ჰაიტ! მე რუსებს ავტომატით ხელში ვებრძოდი, ბევრი რუსი დავხოცე და ჩემი წვლილი შევიტანე მათ დამარცხებაში, მერე ნაძირალა ბანკირი მევახშეც ვამხილე ცუდ საქმეებში და ახლა ვინ მიბედავს, რომ ჩემს გმირ ჯარისკაცებს რუსული ზეთით დამზადებულ საკვებს აკადრებს?!“ – იშიშვლა ხმალი უკრაინის ომის “გმირმა”, რუსების დამმარცხებელმა, ლელოს თავკაცის მლანძღველმა და ბოლოს მაინც გამოლელოვებულმა ალეკო ელისაშვილმა.
„ვინ ბედავს ამ მარაზმს, ჩემი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთელი ცხოვრება რუსებს ებრძოდა, კომკავშირის ლიდერიც ხომ იმიტომ იყო, რუსეთში წარმატებული ბიზნესიც იმიტომ ჰქონდა რომ მათთვის შიგნიდან გამოეთხარა ძირი.
დღეს კი ვინ გვიბედავს რუსეთში წარმოებული ზეთით ჩემი ჯარისკაცების გამოკვებას?!“ – მას მხარი აუბა კარგა ხნით ადრე გამოლელოვებულმა ლევან სამუშიამ.
სრულიად ლეგიტიმურია მოლოდინი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების მხრიდან სულ უფრო მეტი და მეტი სისულელისა და აბსურდული ბრალდებების მოსმენა მოგვიწევს, მაგრამ ის, რაც ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ხდება, უკვე კომიკურ ჟანრში გადადის და მათზე მხოლოდ “შაყირი” შეიძლება.
გავიხსენოთ სულ ბოლო დღეების ბრალდებები, თურმე ხელისუფლება რუსეთის დავალებით აპირებს 2008 წლის ომის დამნაშავეებად ქართველი ჯარისკაცების გამოყვანას.
ეს თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ რუსეთს დაუვალებია საქართველოს ხელისუფლებისთვის, სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს გამარჯვება, რაც „ოცნებამ“პირნათლად შეასრულა კიდეც.
ორი დღის წინ ხელისუფლებას დააბრალეს, 7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებთან გასამართ საფეხბურთო მატჩს „დინამოს“ სტადიონზე იმიტომ არ ატარებს, რომ არ უნდათ ჩვენი გამარჯვება, თუმცა ცოტა უფრო ადრე იმას ქადაგებდნენ, საქართველოს ყველა სპორტულ გამარჯვებას ხელისუფლება თვითონ მიიწერსო. და ნეტავ რატომ ვერ მიიწერს ასეთივე წარმატებით ჩეხეთთან მიღწეულ შედეგს, თუ ღმერთმა ქნა და, ჩვენებმა გაიმარჯვეს.
ისე, ამ ორ დიდ პოლიტიკოსს და „ლელოვიზიას“ ნახევრად ხუმრობით მაინც უნდა ვკითხო: იციან თუ არა, რომ ხშირ შემთხვევაში რუსეთიდან შემოტანილ გაზზე ამზადებენ მათი ოჯახის წევრები საკვებს, რუსეთიდან შემოტანილი საწვავით გადაადგილდებიან მოქალაქეები (და ჯარისკაცებიც) ავტომობილებით, სააკაშვილის ხელისუფლებამ (რომლის არაადამიანურ პოლიტიკის ხელშემწყობი მათი დღევანდელი ლიდერიც იყო) გადასცა რუსეთს 30 ზე მეტი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები, ხორბლის ნაწილიც, რომლიდანაც ქართული პური ცხვება, რუსეთიდან შემოდის?
საინტერესოა, როდესაც მაღაზიაში პურს ყიდულობენ, რატომ არ კითხულობენ, საიდან შემოსული ხორბლიდან ცხვება ეს პური? ან რატომ არ ინტერესდებიან, იქნებ ჩვენს ჯარისკაცებს რუსეთის ხორბლისგან დამზადებული ფქვილით კვებავენ? ან რუსულ ბენზინს უსხამენ? ზეთი რატომ არის განსაკუთრებულად აღსანიშნავი?
მარაზმი!
აი, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება „ლელოვიზიის“ ამგვარ პროპაგანდისტულ ტრიუკებს. იმ 3-4 წუთიან სიუჟეტში ეს პოლიტიკის “ვარსკვლავები” ამბობენ, საქართველოს დაცვის აქტი სჭირდებაო. კი საქართველოს ნამდვილად სჭირდება დაცვის აქტი, მათი მსგავსი ჩერჩეტი და უნამუსო პოლიტიკოსებისგან და აი მაგ დაცვის აქტს გაუფორმებს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მათ და მათნაირი მარაზმატიკებისგან შემდგარ პარტიებს”, – წერს კაკაბაძე.